გირჩი — მეტი თავისუფლებიდან ზურა ჯაფარიძე, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და სტრატეგია აღმაშენებლიდან გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების პასუხს ელოდებიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამი ოპოზიციური ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

  • პარტიის ლიდერები ამბობს, რომ 19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს საკითხებზე მუშაობენ და ჩართული არიან რეკომენდაციების შესრულების შეფასებაში.

დეტალები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე ქართულ ოცნებას "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ.

  • მათი განცხადებით, სურთ ახსნან, რა პრობლემას ხედავენ დასავლეთში თითოეულ პუნქტთან მიმართებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე "უკიდურესად დაბალი ალბათობა" იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას გააცნეს ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც ამ შეხვედრების დროს დარჩათ. კერძოდ:

  • "ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა;
  • 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება;
  • შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება;მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით;
  • შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს; შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური — ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს;
  • ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას".

გარდა ამისა, პარტიები აცხადებენ, რომ პუნქტებთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება — "დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი".

  • "ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები ქართული ოცნების საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს "უსაქმურები", "ქვეყნის მტრები" და ა.შ."