ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია მონაწილეობს.

  • ამ ფორმატში უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც ახსენა.

დეტალები: ზაგრებში გამართული შეხვედრის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა დისტანციურად მიმართა და ყირიმის დეოკუპაციაზე ისაუბრა.

  • ზელენსკის თქმით, ყირიმზე კრიმინალური კონტროლის წყალობით, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, დაბლოკოს უკრაინის სურსათის ექსპორტი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის.
  • "ყირიმის პლატფორმის ფორმატი უნდა გავხადოთ საწყისი წერტილი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
  • მისი თქმით, ახლა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამი რამ სჭირდება: ფინანსური და სამხედრო დახმარება, ასევე, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.