BBC-ის ინფორმაციით, პრემიერმა პოსტი ოფიციალურად მას შემდეგ დაიკავა, რაც ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი არჩევიდან 45 დღეში გადადგა.

  • ბრიტანეთში, წელს უკვე მეორედ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს.
  • სუნაკი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში.

დეტალები: სუნაკი ამბობს, რომ ბრიტანეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და ის ლიზ ტრასის "ზოგიერთი შეცდომის" გამოსასწორებლად აირჩიეს.

  • ბრიტანული მედიის ცნობით, პრემიერი ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას დაუყოვნებლივ დაიწყებს.
  • მანამდე გამართული აუდიენცია მეფე ჩარლზსა და ახალ პრემიერმინისტრს შორის ძალაუფლების სიმბოლური გადაცემა იყო.

პირველ ოფიციალურ მიმართვაში სუნაკი ამბობს, რომ "რთული გადაწყვეტილებები" იქნება, რადგან არ აპირებს ვალების პრობლემა მომავალ თაობას დაუტოვოს.

  • "მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მომავალ თაობას, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ დაუტოვებს იმ ვალს, რომლის გადასახდელადაც ჩვენ ძალიან სუსტები ვიყავით", — განაცხადა მან.
  • სუნაკის თქმით, ის ბრიტანეთს არა სიტყვით, არამედ საქმით გააერთიანებს.
  • "ნდობა მიღებულია, ახლა მე მოვიპოვებ თქვენსას", — მიმართა ახალმა პრემიერმა ბრიტანელ ხალხს.