გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ADLE-ს ლიდერთა სამიტზე, ასევე, შეხვდნენ ევროკავშირის იმ სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობს საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მიღებაზე.

  • როგორც ჯაფარიძე ამბობს, შეფასების წერა, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ბოლოს დასრულდება.
  • მისი თქმით, ბრიუსელში ისეთ ტენდენციებს ხედავენ, რომ, შეფასება, დიდი ალბათობით, ნეგატიური იქნება.
  • "წელს, დიდი ალბათობით, არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება".

ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრებზე უთხრეს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდაზე მთავრობასთან არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა დაამატეს, რომ "ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებდნენ".

  • "მათ შორის არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნებიდან ვიღაცები მიდიან და ეს ხალხის ძალაა დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმი, ევროკავშირში არავის არ აქვს, ზუსტად ეს არის ერთი და იგივე, ეს არის ქართული ოცნება".
  • ჯაფარიძის თქმით, ისინი არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს ელოდებიან, არამედ სურთ, პრაქტიკაში დაინახონ, რა შედეგი მოაქვთ მათ რეალურ ცხოვრებაში.
  • "მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია, ანუ დეოლიგარქიზაციაზე უბრალოდ კანონის მიღება არ არის საკმარისი, საჭიროა, დროში დაკვირვება".

გარდა ამისა, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ბრიუსელში აღნიშნეს, რომ ქართული ოცნება სამ სტრატეგიას იყენებს და პირდაპირ თქვეს, რომ სამივე წარუმატებლობისთვისაა განწირული.

  • მისი თქმით, პირველია ქართული ოცნების მცდელობა, შეასრულოს ისეთი პუნქტები, რომელიც მათთვის ნაკლებად პრობლემურია, რათა არ დაკარგონ კონტროლი დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და შესაბამისად, ძალაუფლებაზე.
  • ჯაფარიძის სიტყვებით, მეორე, არის ის, რომ მმართველი პარტია ვაჭრობას ცდილობს: "რომ, აი, ამდენ პუნქტს შევასრულებთ, დანარჩენ პუნქტებთან დაძრული გვექნება პროცესი და იქნებ ჩაგვითვალოთ".
  • როგორც ის დასძენს, ბრიუსელში ამბობენ, რომ თვალების დახუჭვა არცერთ პუნქტზე არ მოხდება.
  • ოპოზიციონერი ამბობს, რომ ქართული ოცნების მესამე სტრატეგიად ბრიუსელში დაუსახელეს შემდეგი:
  • "17 ივნისის გადაწყვეტილებამდე ქართულმა ოცნებამ სცადა, რომ ჩვენს თავზე გადამხტარიყო და პირდაპირ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფო მეთაურების დონეზე "დაელაგებინა" სიტუაცია და ისე მიეღო სტატუსი".

ბოლოს ჯაფარიძემ აღნიშნა ის, რომ შეხვედრებზე საქართველოს მიერ ამ ისტორიული შანსის გამოყენების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

  • მისი თქმით, ერთ-ერთ ძირითად მოწოდებად ოპოზიციურ ფრონტზე გაერთიანება და საბოლოოს ჯამში, ქვეყნის ევროპული მომავლისკენ ერთობა დასახელდა — "ამაში ხედავენ ისინი გამოსავალს".

ვაშაძემ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიუსელში ყველაზე კატასტროფულად დასავლეთზე თავდასხმები და ომში ჩართვის მცდელობის დადანაშაულება შეაფასეს.