რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ YouTube-მა დიზაინთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ოფიციალურად გვამცნო. სიახლეები Ambient რეჟიმსა და ვიდეო პლეიერს ეხება როგორც ჭკვიან ტელევიზორებზე, ასევე აპლიკაციის ვებ, Android და iOS ვერსიებზე.

მომხმარებელთა უკუკავშირის საპასუხოდ YouTube-ის ღამის რეჟიმი კიდევ უფრო ჩამუქდა, რათა ფერები ეკრანზე უფრო მკვეთრად გამოჩნდეს. იგი ამჟამად ნაცრისფერია, მალე კი YouTube Music-ის შავ ფონს დაემსგავსება.

როდესაც ზემოხსენებული თემა ჩართულია, შეგიძლიათ, დახვეწილი ეფექტიც გაააქტიუროთ, რათა აპლიკაციის ფონური ფერი ვიდეოს მოერგოს. Ambient რეჟიმი ტელეფონის სტატუსის სტრიქონსა და იმ ზოლს შეფერავს, რომელზეც პლეიერის ქვემოთ ვიდეოს სათაურია მოთავსებული.

დიზაინი ცვლილებამდე და მის შემდგომ

ფოტო: YouTube

Ambient რეჟიმი ვებსა და მობილურზე მაშინაა ხელმისაწვდომი, როდესაც მუქი თემაა გააქტიურებული. ამგვარ სტრატეგიას კომპანია Google-იც იყენებს დასაკრავ სიებში ერთგვარი ბარათის ნაწილად, რომელიც თითოეული დასაკრავი სიის შესახებ დამატებით ინფორმაციას უზრუნველყოფს. ასე მნახველები მას უფრო მარტივად შენიშნავენ.

განახლებულია დასაკრავი სიის დიზაინიც.

ფოტო: YouTube

საგულისხმოა, რომ Landscape რეჟიმში ვიდეო პლეიერზე ორი თითით ეკრანის ზომის ცვლილების საშუალებაც გვექნება — შეგეძლებათ, თითების მოძრაობით ეკრანი გაადიდოთ/დააპატარაოთ და გამოსახულების სასურველ დეტალებს უკეთ დააკვირდეთ. ფუნქციის გამოშვება Android-სა და iOS-ზე გუშინ დაიწყო.

ამასთანავე, დესკტოპსა და მობილურზე კიდევ ერთი ახალი precise seeking ფუნქციით შეგეძლებათ, ეკრანზე დიდხანს დაჭერით ვიდეოს ვიზუალური მიმდინარეობა იხილოთ, შემდეგ კი წინ ან უკან გადახვიდეთ და თქვენთვის სასურველი მომენტი იპოვოთ. მონაკვეთებად დაყოფილი ვიდეოს ცალკეულ თავს ეკრანზე ორი თითის დაჭერით გამოტოვებთ.

ვიდეო პლეიერის ქვემოთ YouTube-მა კომპაქტურ "აბებში" რამდენიმე ღილაკი მოათავსა: მოწონება/დაწუნება, გაზიარება, გადმოწერა, შენახვა და გამოწერა. ეს უკანასკნელი უფრო კონტრასტული იქნება, რაც, კომპანიის შეხედულებით, "საპოვნად მარტივი და გაცილებით ხელმისაწვდომი" იქნება მაშინაც კი, როდესაც წითელი აღარ არის. ღილაკებით შეიცვლება ვიდეოთა აღწერებში არსებული YouTube ბმულებიც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.