თუ ინფორმატიკის მოსაწყენ გაკვეთილებზე, შაბათ-კვირას, მეცადინეობის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ ვებთამაშებით გართობაზე თქვენც გიჟდებოდით, ცუდი ამბავი გვაქვს: Miniclip, ვებსაიტი, რომელმაც არსებობის 20 წლის განმავლობაში უამრავი ჩვენგანის ბავშვობა გაახალისა, ძველი სახით აღარ იარსებებს. ამიერიდან, კომპანიის ონლაინ თამაშების უდიდესი ნაწილის კომპიუტერით თამაში შესაძლებელი აღარ იქნება. კომპანია არსებობას აგრძელებს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ჩვენ გვახსოვს.

ცნობები კომპანიის ცვლილების შესახებ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, რაც, შეიძლება ითქვას, შესაგუებლად საკმარისი დროა, თუმცა 21 ოქტომბერს Miniclip-ის სერვერებისა და ონლაინ მომსახურების უდიდესი ნაწილის დახურვამ გული მაინც დაგვწყვიტა. დღეისათვის ვებსაიტზე მხოლოდ ორი პოპულარული თამაშია ხელმისაწვდომი: Agar.io და 8 Ball Pool, ათეულობით სხვა კი უბრალოდ გაქრა.

კომპანია ამიერიდან მობილურებისათვის განკუთვნილი თამაშების შექმნაზე ორიენტირდება, რადგან პრიორიტეტს ეს უკანასკნელი წარმოადგენს. სავარაუდოდ, ამაზე ორმა ფაქტორმა იმოქმედა. პირველ რიგში, ვებთამაშებს მთავარი დარტყმა 2020 წლის ბოლოს Adobe Flash-ის დახურვამ მიაყენა, თამაშები, რომლებიც სპეციალური მხარდაჭერით HTML 5-ს არ/ვერ მოარგეს, უბრალოდ გაუქმდა.

მეორე ფაქტორი შეჩერებას ნაკლებად ექვემდებარებოდა: დღესდღეობით ბავშვებს ბევრად მეტი ტექნოლოგიური საშუალება აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს 10-20 წლის წინ. თუ დაბალი მონაცემების მქონე პერსონალურ კომპიუტერზე ონლაინ თამაშებით გართობა ერთ დროს გვახარებდა, ახლა ეს სასაცილოდ ჟღერს. მობილურებმა, iPad-მა და მაღალი დონის გეიმინგისთვის გამოსადეგმა სხვა ათობით საშუალებამ სივრცე, რომელსაც Miniclip, Nitrome და მათი სხვა "კოლეგები" იკავებდნენ, სრულად აითვისა და ამ კომპანიებისთვის ადაპტაციის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა.

ფოტო: PC Gamer/Miniclip

მიუხედავად იმისა, რომ ძველი სახით აღარ იარსებებს, ერთგული მომხმარებლები Miniclip-ის ახალ პროდუქტებს მობილურ მოწყობილობებზე მაინც იხილავენ. ამ კუთხით კომპანია ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან ძალად ყალიბდება. მეტიც, 2022 წლის ივნისში მან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაშის, Subway Surfers-ის გამომცემელი ფირმაც შეიძინა, რაც დიდ გეგმებს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს.

ამიერიდან Google-ში Online Games-ის დასერჩვისას Miniclip-ის ასეულობით მინი-თამაშს ვეღარ იხილავთ, თუმცა შეგიძლიათ მოიმარჯვოთ თქვენი მობილური და App Store-სა და Google Play-ში მოძებნოთ ლეგენდარული Headball, Soccer Stars, Mini Basketball, Ultimate Golf და სხვა მრავალი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.