გადაცემა ინტერVIEW-ში სტუმრობისას ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, შეინარჩუნა თუ არა მან მმართველ კოალიციაზე ძალაუფლება, უპასუხა, რომ არის შემთხვევები, როდესად მას კონსულტაციებისთვის მიმართავენ, თუნდაც ამჟამინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი:

"ის, რომ მე შეიძლება დამირეკოს და შემეკითხოს, ამაში არაფერი დანაშაული არ არის. მთელ მსოფლიოში ხდება ამის მსგავსი რამ. ან შეიძლება შეხვედრა მთხოვოს და რაღაც საკითხებზე მოისმინოს ჩემი აზრი, ამაში არაფერი სახიფათო არ არის. მერ არ მაქვს არანაირი ბერკეტი. გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კვირიკაშვილი".

ივანიშვილმა განმარტა, რომ ყველაზე ხშირად ეკონომიკის მინისტრს ხვდება, რადგან სურს დაეხმაროს ეკონომიკას, ვინაიდან ეს სფერო კარგად იცის.

ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მინისტრების ცვლილება ივანიშვილის გადაწყვეტილება, მან უპასუხა:

"მე მქონდა, რა თქმა უნდა, მონაწილეობა ამაში, მაგრამ არა ის, რომ მე ვიღაცას ჯარით და პოლიციით ვაწვებოდი. შეიძლება მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც შეიძლება არ გაეთვალისწინებინათ".

რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომას, ივანიშვილმა განმარტა, რომ გადადგომამდე ღარიბაშვილმა რამდენჯერმე ისაუბრა, ხომ არ იყო, დრო რომ თანამდებობა დაეტოვებინა:

"მე ვმონაწილეობდი და მას ჰქონდა ჩემთან კონსულტაციები, რაც ნორმალურია. აბა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ძალით როგორ შემეძლო? [ღარიბაშვილი] ზრდასრული ადამიანია, განათლებული ერუდირებული, რანაირად შეიძლებოდა, რა მექანიზმებით შეიძლებოდა მე მეიძულებინა, მას არ უნდოდა და წასულიყო თანამდებობიდან? მე ვფიქრობ, რომ მან ღირსეული ნაბიჯი გააკეთა. მაშინ მე ვინღა მაიძულა? მე რატომ წავედი?".

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა იმ დაპირებების შესრულების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღუთქვა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ დღეს ინტერვიუში მისი სტუმრობა პირველი გამოჩენაა სატელევიზიო გადაცემაში.