2019 წელს მკვლევარმა ალესანდრა მასკარომ გაბონის ლოანგოს ეროვნულ პარკში შიმპანზეების უჩვეულო ქცევა შეამჩნია. კერძოდ, შიმპანზემ, სახელად სიუზეიმ, შვილის ფეხზე ჭრილობის შემოწმების შემდეგ, ფოთოლზე მჯდომი მწერი დაიჭირა, წამით პირში ჩაიდო და ბოლოს იგი ჭრილობაზე დააჭირა სიას (თავის შვილს). ეს უჩვეულო ინტერაქცია მასკარომ ვიდეოზე აღბეჭდა და სხვა მეცნიერებს გაუზიარა.

მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ურთიერთქმედება შეიძლება მიუთითებდეს შიმპანზეების პროსოციალურ ქცევასა და თანაგრძნობის უნარზე — რაც სამეცნიერო საზოგადოებაში მწვავე დებატების საგანია — და მათ შემდეგი 15 თვე გაატარეს ჭრილობების სამკურნალო ქცევის სხვა მაგალითების ძიებაში. ამის შემდეგ მათ ჩაინიშნეს 76 ასეთი შემთხვევა და დასკვნები გამოაქვეყნეს ჟურნალ Current Biology-ში.

ლოანგოს ეროვნულ პარკში 42-დან 45-მდე შიმპანზეა. ავტორების აზრით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები ბევრად უფრო მიდრეკილნი არიან ღია ჭრილობებისკენ, ვიდრე ქალები (63:13 თანაფარდობით), რადგან მათ აქვთ უფრო აგრესიული ურთიერთქმედება. ჭრილობების დამუშავების შემთხვევები (მწერების გამოყენება სხვებისა თუ საკუთარ ჭრილობებზე) გადაიღეს შეძლებისდაგვარად და ეს კადრები გადაიწერა დეტალურ წერილობით ანგარიშებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ვიდეო კადრები არ ჰქონდათ, ამიტომ მკვლევრებმა დაწერეს დეტალური ანგარიში მომხდარიდან იმავე დღეს.

ცნობილია, რომ არაადამიანი პრიმატები თვითმკურნალობენ, ჩვეულებრივ, მცენარეების ან სხვა ნივთიერების მიღებით, რომლებსაც შეუძლია ნაწლავის პარაზიტების კონტროლი. ამასთანავე, აღინიშნა რამდენიმე ბოლოდროინდელი ცნობა პრიმატების შესახებ, რომლებიც ისვამდნენ ფოთლებს ან სხვა საშუალებებს (ფეხსახსრიანების ჩათვლით) საკუთარ ჭრილობებზე. ამ ახალ კვლევაში ასევე დაფიქსირდა მწერების თვითგამოყენება შიმპანზეს ჭრილობაზე. მაგალითად, 2019 წლის 26 ნოემბერს, გადაიღეს სრულწლოვანი მამრი შიმპანზე, სახელად ფრედი, რომელმაც ახლომდებარე ფოთლიდან მწერი დაიჭირა, ტუჩებს შორის მოიქცია, შემდეგ კი მწერი ცერა და საჩვენებელი თითებით ამოიღო და მარცხენა მკლავზე არსებულ ჭრილობაზე წაისვა, თითი დააჭირა და ნაზად გადაიტარა მწერი წინ და უკან.

ფოტო: Fiona Rogers/Getty

ამდენად, შიმპანზეებში თვითმკურნალობის საკითხი უცნობი არ იყო, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ შიმპანზეები არა მხოლოდ საკუთარ თავს მკურნალობენ, არამედ — სხვებსაც. სიუზეის მხრიდან სიას ჭრილობის დამუშავება დედობრივი მზრუნველობის გამოხატულებადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა მკვლევართა გუნდმა დააფიქსირა სხვა შემთხვევებიც. მაგალითად, 2020 წლის 22 ოქტომბერს, ზრდასრულ მამრ შიმპანზეს, სახელად ლითლგრეის, მარცხენა ფეხზე ჰქონდა დიდი ღია ჭრილობა, რომლის მოშუშებაშიც მას სხვა რამდენიმე შიმპანზე დაეხმარა. კერძოდ, მდედრმა შიმპანზემ, სახელად კეროლმა, დაიჭირა მწერი და მისცა ლითლგრეის, ხოლო ორი სხვა ზრდასრული მამრი (ნგონდე და თეა) რიგრიგობით უსვამდნენ მწერს ლითლგრეის ჭრილობაზე.

"ჩემთვის ეს განსაკუთრებით თვალწარმტაცია, რადგან ბევრს ეჭვი ეპარება სხვა ცხოველების პროსოციალურ შესაძლებლობებში", — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა პიკამ. "უცებ კი ჩვენ გვყავს სახეობა, რომელშიც ნამდვილად ვხედავთ სხვებზე მზრუნველ ინდივიდებს."

მომავალი კვლევა ფოკუსირებული იქნება მწერების კონკრეტული სახეობების იდენტიფიცირებაზე, რომლებსაც შიმპანზეები იყენებენ ღია ჭრილობების სამკურნალოდ, რათა გაარკვიონ, თუ რა სამედიცინო სარგებელი შეიძლება გააჩნდეთ მათ. შესაძლებელია, რომ მწერებს შეუძლიათ ტკივილის შემსუბუქება და, აღსანიშნავია, რომ ადამიანებიც ხშირად იყენებდნენ მწერებს სამკურნალო საშუალებად, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ ანტიბიოტიკის ან ანტივირუსული ფუნქციებიც.

ავტორები აღიარებენ, რომ სამეცნიერო წრეებში ეს საკამათო საკითხია; პრიმატების მკვლევრები ვერ თანხმდებიან, შეუძლიათ თუ არა შიმპანზეებს პროსოციალური ქცევის გამოვლენა. "პროსოციალური ქცევები დიდი ხანია პრობლემას უქმნის ევოლუციურ თეორიას, რადგან მყისიერად ცხადი არ არის, რატომ შეიძლება ეხმარებოდნენ ორგანიზმები სხვებს საკუთარი ინტერესებით მოქმედი გადარჩევის პირობებში", — წერენ ავტორები.

ფოტო: Getty Images: Anup Shah

პიკა ხაზს უსვამს პროსოციალური ქცევისა და თანაგრძნობის დიფერენცირების აუცილებლობას. პირველი ეხება ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სხვისი კეთილდღეობისთვის სარგებლის მოტანას ან გაუმჯობესებას, ხოლო თანაგრძნობა ეხება სხვადასხვა ფენომენს, რომელიც დაკავშირებულია დახმარებასა და ემპათიის უნარებთან.

"[პროსოციალური ქცევა], როგორც ჩანს, ადამიანებში განპირობებულია ერთმანეთის მიმართ ემპათიური დამოკიდებულებებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობების მოვლა ადამიანებსა და შიმპანზეებში შეიძლება მსგავსი იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქცევებს იგივე შემეცნებითი პროცესები უდევს საფუძვლად", — დასძინა პიკამ.

ზოგიერთი მკვლევრისთვის, შიმპანზეების მიერ ერთმანეთის ჭრილობების დამუშავება ემპათიის მტკიცებულებად მიიჩნევა, თუმცა სხვები უფრო მყარ მტკიცებულებებს ეძებენ იმის შესახებ, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ პროცესში ჩართული შიმპანზეები.

"ვირთხებზე ჩატარდა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები, რომლებშიც მათ, ტკბილეულით ცდუნების თანადროულად, მიეცათ რამდენიმე გამოსავალი, რომ დახმარებოდნენ სხვა ვირთხებს გალიებში. გაათავისუფლებდნენ ისინი გალიაში გამომწყვდეულ თავიანთი სახეობის წარმომადგენელს თუ უბრალოდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ და ტკბილეულს შეჭამდნენ? ვირთხები ათავისუფლებდნენ სხვა ვირთხებს ჯილდოს მოლოდინის გარეშე და ტკბილეულსაც კი უზიარებდნენ მათ. თუმცა, ეს ქცევა გამოვლინდა მხოლოდ ნაცნობი არანათესავი ვირთხებისა და ნათესავების მიმართ", — თქვა პიკამ.

პიკა ფიქრობს, რომ შიმპანზეების შემთხვევაში უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, თუ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს მოვლით, საკვების გაზიარებით — მათ შორის, უფრო დიდი პორციების — არანათესავი ინდივიდების შვილად აყვანით, გადარჩენითა და ჭრილობების მკურნალობით. ეს ყველაფერი კი, ძალიან ამსგავსებს მათ ადამიანებს.