კანიე ვესტის ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, რომლებიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება, Balenciaga-მ რეპერთან პარტნიორობის დასრულება გადაწყვიტა. "Balenciaga-ს აღარ აქვს არანაირი ურთიერთობა ამ ხელოვანთან და არც სამომავლოდ გეგმავს ერთობლივ პროექტებს", — ვკითხულობთ Balenciaga-ს მფლობელი კომპანიის, Kering-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვესტმა ერთ-ერთ პოდკასტერთან სტუმრობისას განაცხადა, რომ 46 წლის წლის ჯორჯ ფლოიდი არა პოლიციის ოფიცრის მხრიდან ძალის გადამეტებამ, არამედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებამ იმსხვერპლა. ამავე ინტერვიუში ცნობილმა რეპერმა ანტისემიტური განცხადებებიც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომენტარების გაკეთებისთვის რეპერი რამდენიმე სოციალურ ქსელშიც დაბლოკეს.

ფოტო: Getty Images

Balenciaga-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2023 წლის გაზაფხულის ჩვენებიდან ვესტის დიზაინის ხაზი ამოიღეს და ვებგვერდიდანაც წაშალეს. გარდა ამისა, Balenciaga-მ ვებგვერდიდან წაშალა YEEZY GAP-სთვის შექმნილი განყოფილება, რომელიც ასევე კანიე ვესტს ეკუთვნოდა.

ცოტა ხნის წინ კანიემ ინსტაგრამზე Balenciaga-ს გუნდის წევრებზე პოსტები დაწერა, შემდეგ კი წაშალა. კანიე იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ბალენსიაგას გუნდის რამდენიმე წევრმა ბრენდ Supreme-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, თრემეინ ემორის პოსტი მოიწონეს, რომელიც ემორისა და კანიეს შორის არსებულს დაძაბულობას ეხებოდა. "შენ მსხვერპლი არ ხარ, შენ კომპლექსებიანი ნარცისი ხარ, რომელსაც მოდის სამყაროსგან ვალიდაცია სჭირდება", — ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

კანიემ ბალენსიაგას გუნდის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უხარია, როცა ადამიანები საკუთარ ნამდვილ სახეს აჩენენ. კანიეს თქმით, მათ სძულთ რეპერისა და დემნას ურთიერთობა.