სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამ კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს სადავო ნორმის შეჩერებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ლომჯარია ითხოვს სწრაფად განიხილონ ის კონსტიტუციური სარჩელები, სადაც მოთხოვნილი აქვს სადავო ნორმების შეჩერება.

  • მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს, თუ გადაწყვეტილება მალე არ იქნება ცნობილი;
  • ომბუდსმენის თქმით, 3 სარჩელებიდან 2 უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას.

პირველი: გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვა.

მეორე: 2020 წლის 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად.

მესამე: 2021 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლითაც ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არა-ნებაყოფლობით მივლინების ვადები;

  • ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება;
  • "ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედმა მოსამართლეებმაც. თავის მხრივ, ამ სარჩელების საფუძვლიანობა გაიზიარა ვენეციის კომისიამაც".

სახალხო დამცველი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, რომლებშიც მოსარჩელე სადავო ნორმის შეჩერებას ითხოვს.

  • "სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელთა გამოსწორებაც, ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც ვეღარ მოხდება".