მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოჩენილმა კადრებმა, რომლებზეც კიევში კამიკაძე დრონების თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობებისკენ მიმავალი მეხანძრეები არიან გამოსახული, ომის შესახებ მიმდინარე დებატები კიდევ უფრო გააცხოველა.

არის თუ არა განწირული ნაბიჯი აგრესორის მიერ ირანული Shahed-136-ის, ე.წ "კამიკაძე დრონების" გამოყენება?

Shahed-136-ს სამკუთხედის ფორმის ფრთები აქვს და სამიზნისკენ წაწვეტებული კორპუსის წინა მხრით ეშვება, სადაც დაახლოებით 40კგ სიმძიმის ასაფეთქებელია მოთავსებული. მისი გაშვება შესაძლებელია სატვირთოდან და ფრენის მანძილი 2500კმ-ს აღწევს.

უპილოტო საფრენი აპარატები (UAV) უკრაინაში პირველად ორი თვის წინ დააფიქსირეს, როცა რუსეთმა ის ამერიკული 155მმ ბუქსირებადი საარტილერიო სისტემა M777-ის გასანადგურებლად გამოიყენა. ექსპერტთა აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთს გამოელია მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ეფექტურად გამოყენებული ჰაუბიცების გასანადგურებლად აუცილებელია. ეს კარგია, თუმცა შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ რუსეთსა და ირანს შორის კავშირები ჯერ ისევ მყარია, მიუხედავად იმისა, რომ დრონების მიწოდება ამ უკანასკნელმა უარყო.

რატომ იყენებს რუსეთი Shahed-136-ს?

Shahed-136 ავტონომიური იარაღია, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, დააზიანოს უკრაინული ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი სამიზნეები პირდაპირ სამხედრო პერსონალით გარისკვის გარეშე. დამატებით, შესაძლოა, რუსეთი ახალ იარაღს იყენებს იმიტომ, რომ საკუთარი წარმოების მართვადი რაკეტების დიდი ნაწილი უკვე გამოელია.

14 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს საშუალო დისტანციისათვის განკუთვნილი 900 "ისკანდერიდან" მხოლოდ 124 დარჩა, ხოლო "კალიბრისა" და საავიაციო გამოყენების ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა გაუნახევრდა. რეზნიკოვის სიტყვებით, მაღალი სიზუსტის შეიარაღების უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე გამოყენება აგრესორს უმცირებს სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმის შესაძლებლობას.

დრონები მიმდინარე კონფლიქტში ახალი ნამდვილად არ არის. უკრაინა მათ ომის ადრეული ეტაპებიდანვე იყენებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აქტიურად გამოყენებულ თურქული წარმოების მსუბუქ, 12 მეტრიან Bayraktar TB2-ს ერთდროულად ოთხი ლაზერული დამიზნების რაკეტის ტარება შეუძლია. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა უკრაინა მოამარაგა არაერთი Switchblade-ით, რომელსაც თერმული კამერების საშუალებით შეუძლია უზუსტესი დარტყმა განახორციელოს სამიზნეზე.

ასევე იხილეთ: როგორ მუშაობს ბაირაქტარი — უკრაინის ქირურგიული სიზუსტის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ

ფოტო: Sergei Supinsky—AFP/Getty Images

სად გამოიყენა რუსეთმა ავტონომიური იარაღი?

Shahed-136-ის გამოყენება კონფლიქტში პირველად აგვისტოში დაფიქსირდა, როცა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთმა უკრაინულ არტილერიას შეუტია. მას შემდეგ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევა განხორციელდა დნიპროში, სუმში, ბილა-ცერკვასა და კიევში, რასაც ქვეყნის მასშტაბით არაერთ დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

თავდასხმებს სულ ცოტა 8 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორისაც ფეხმძიმე ქალიც იყო. 17 ოქტომბრის თავდასხმამ, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, ნგრევა გამოიწვია. დანგრეული კორპუსიდან მაშველებმა 18 ადამიანი გამოიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები 60%-იანი სიზუსტით აგრძელებენ Shahed-136-ების განეიტრალებას.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლოა რუსეთმა რამდენიმე წერტილში დრონებით ერთდროულად მიტანილი შეტევით გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

რატომ აწვდის ირანი რუსეთს დრონებს?

ირანის მიერ იარაღის მიწოდება ხაზს უსვამს მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. 18 ოქტომბერს ირანმა უარყო რუსეთისათვის დრონების მიყიდვა.

2020 წელს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემდეგ ირანმა უცხო ქვეყნებისათვის იარაღის მიყიდვა გააორმაგა. გარდა ამისა, ქვეყანამ ხელი აიღო დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ამის საპირისპიროდ, ვექტორი ჩინეთისა და რუსეთის სასარგებლოდ შეცვალა. ივნისში ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია, სადაც ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისს შეხვდა. პრეზიდენტები კიდევ ერთხელ სექტემბერში, შანხაიში გამართულ შეხვედრაზე გადაიკვეთნენ, სადაც ვაჭრობისა და უსაფრთხოების შეთანხმებაზე ისაუბრეს.

საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის ქმედებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად განაცხადა, რომ ირანის მიერ რუსეთის დრონებით მომარაგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციას ეწინააღმდეგება. გასულ კვირას NATO-ს კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ დასავლეთი უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღებით დაეხმარება.

19 ოქტომბერს ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა Associated Press-ს განუცხადეს, რომ ევროკავშირი რუსეთის დრონებით მომარაგებისთვის მალე ირანს სანქციების ახალ სერიას წარუდგენს. სავარაუდოდ, სანქციები დრონების წარმოებისა და გაყიდვის სექტორთან დაკავშირებულ ადამიანებს შეეხებათ და ეს მოგზაურობის შეზღუდვა და ანგარიშების გაყინვა იქნება.

რაც შეეხება ისრაელს, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ნეიტრალურ პოზიციას იჭერს, დაეხმარა რა უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთით, თუმცა სამხედრო ტექნიკის გაგზავნასა და სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. თუმცა, არის შანსი, რომ ამჯერად რუსეთის ირანთან, ისრაელის ისტორიულ მტერთან, პარტნიორობის გამო, ისრაელს უფრო გამოკვეთილი პოზიცია ექნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ინტენსიურ ბრძოლებს, სამხედრო დანაშაულებსა და სამოქალაქო ინსფრასტრუქტურის დაბომბვას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით ადამიანი დღემდე დევნილად რჩება.