ამის შესახებ ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გადაწყვეტილება იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ღირსებას.

  • გარდა ამისა, როგორც PHR-ის განცხადებაშია ნათქვამი, იგი პრევენციული ღონისძიებაა, რომ მომავალში აღარ მოხდეს შშმ პირების მიმართ ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავების მხრიდან.

რა მოხდა: მოსარჩელე დავით ხუხუა შშმ პირია, რომელიც გადაადგილებისთვის ეტლს იყენებს.

  • 2016 წლის 15 ივნისს პოლიციელებმა რამდენიმე საათით გააჩერეს ავტომობილი, რომლითაც ის მგზავრობდა.
  • მთელი ეს დრო მოსარჩელე პატრულ-ინსპექტორებს ეტლის საბარგულიდან გადმოტანას სთხოვდა, რათა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა, თუმცა პოლიციელებმა არც მას და არც მის თანამგზავრებს, რომლებმაც ეტლის გადმოტანა 8-ჯერ სცადეს, ამის საშუალება არ მისცეს.
  • PHR-ის ინფორმაციით, საბოლოოდ, ხუხუა იძულებული გახდა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ავტომანქანაში, სხვების თანდასწრებით დაეკმაყოფილებინა, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე საათს მოუწია, მანქანაში დარჩენილიყო.
  • "აღნიშნულმა გამოიწვია დავით ხუხუას ღირსების შელახვა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა — შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაციული ნიშნით", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დეტალები: ჯერ კიდევ 2016 წელს ხუხუას საქმეზე სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია დაადგინა.

  • თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დარღვევა ვერ დაინახა და მიიჩნია, რომ შსს-სა და საპატრულო პოლიციელების ქმედება კანონიერი იყო.

სააპელაციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით შეცვალა პირველი ინსტანციის დასკვნა და ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა:

  • გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
  • დადგინდა დავით ხუხუას მიმართ შსს-ს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
  • მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება.