TikTok პლატფორმა პირდაპირი ეთერის ფუნქციებს აახლებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი ამჯერად მაყურებელთა ასაკობრივ კატეგორიას უკავშირდება.

განახლება TikTok-ის Live მომხმარებლებს მხოლოდ ზრდასრულებისათვის განკუთვნილი შიგთავსის ტრანსლაციის საშუალებას მისცემს. თავისთავად, TikTok-ზე სექსუალური შინაარსის მქონე ვიდეოების გამოქვეყნება მაინც აკრძალული იქნება — სიახლე, კერძოდ, იმაში მდგომარეობს, რომ, თუკი თქვენი პირდაპირი ეთერი ბილწსიტყვაობას შეიცავს ანდა მატრავმირებელ საკითხებს ეხება, შეგიძლიათ, მისი ყურების ნება მხოლოდ ზრდასრულებს დართოთ. ფუნქციის გამოსვლას მომდევნო კვირების განმავლობაში უნდა ველოდოთ.

23 ნოემბრიდან ძალაში შევა ახალი შეზღუდვაც, რომლის მიხედვით TikTok-ზე პირდაპირ ეთერში გამსვლელთა მინიმალური ასაკი 16-ის ნაცვლად 18 წელს უნდა შეადგენდეს.

შესაძლოა, ეს უსიამოვნო შემთხვევების შედეგად მივიჩნიოთ — Live ვიდეოების წამყვან თინეიჯერებს ზრდასრული მაყურებლები ხშირად სექსუალური მიზნებით იყენებენ. თეორიულად, მინიმალური ასაკის ზრდასთან ერთად იმის რისკიც მცირდება, რომ პირდაპირი ეთერის საშუალებით სკოლის ასაკის ბავშვებს ისეთი პრობლემები შეექმნებათ, რომლებისგანაც წინასწარ ჩაწერილი ვიდეოების შემთხვევაში დაცული არიან.

რახანია, მთავრობის მხრიდან TikTok გარკვეულ ზეწოლას განიცდის მსგავსი წესების შემოსაღებად. ბრიტანეთისა და ამერიკის ხელისუფლება ღელავს, რომ, შესაძლოა, ზემოხსენებულმა სოციალურმა ქსელმა არაჯანსაღი ჩვევების წახალისებითა თუ კონფიდენციალურობისათვის საფრთხის შექმნით ბავშვები დააზიანოს.

მართალია, ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება იმის გარანტიას არ იძლევა, რომ პირდაპირ ეთერში გამსვლელებზე არავინ იძალადებს, თუმცა ახალი შეზღუდვა ერთ რამეზე მაინც მიანიშნებს — TikTok ძირითად საფრთხეებს ეხმიანება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.