18 ოქტომბერს ალტე უნივერსიტეტში პროექტ "სკოლის ინოვატორთა კლუბების" შემაჯამებელი ღონისძიება — მოსწავლეთა სტარტაპების დემო დღე გაიმართება. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეწარმეობის კლუბის წევრი ახალგაზრდები მათ მიერ განხორციელებულ ბიზნეს იდეებსა და მიღებულ შედეგებს წარადგენენ. დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ და შეიძინონ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ ერთობლივად შექმნილი პროდუქცია და ნამუშევრები.

პროექტი "სკოლის ინოვატორთა კლუბები" ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის — Rethink, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხულო, ქედა, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყაზბეგი) განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეირჩა 21 სკოლა, გადამზადდნენ მასწავლებლები, შეიქმნა მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ინოვატორთა კლუბები და მოხდა საუკეთესო 10 ბიზნეს იდეის პროტოტიპირება. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმართა ინოვაციების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა ჯამში 400-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

გარდა ამისა, ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე — "რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში მეწარმეობა?". პროექტში ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში არჩევით საგნად დაემატა მეწარმეობა. პარალელურად შემუშავდა და დაიბეჭდა სახელმძღვანელო — "როგორ დავიწყოთ ბიზნესი 0-დან“ სკოლების, მასწავლებლებისა თუ თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.