სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

11 ოქტომბერი ქამინგაუთის დღეა, რომელიც 1988 წლიდან აღინიშნება და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ცნობილი ხდება. ამ დღეს ლგბტქი თემის წევრები საკუთარი გამოცდილებების შესახებ საჯაროდ საუბრობენ და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა უსვამენ ხაზს თავიანთ იდენტობას.

ქამინგაუთი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საჯაროდ გაცხადებას ნიშნავს. ეს ტერმინი გამოთქმის, "coming out of the closet" შემოკლებული ფორმაა, რაც პირდაპირი მნიშვნელობით სამალავიდან, კარადიდან გამოსვლას ნიშნავს. სამწუხაროდ, ქართულში ქამინგაუთის ზუსტი შესატყვისი ჯერჯერობით არ გვაქვს.

ქვიარ ადამიანები ქამინგაუთს სხვადასხვაგვარად განმარტავენ და რა თქმა უნდა, მათი გამოცდილებებიც განსხვავებულია.

როდესაც ქამინგაუთი გავაკეთე, თავი თავისუფლად ვიგრძენი.

ლუკა აბლოთია, სტუდენტი აფხაზეთიდან, ამბობს, რომ მისთვის ქამინგაუთი ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ და გქონდეს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ის პირველად 11 წლის ასაკში დაქამინგაუთდა, საკუთარ დასთან და მეგობართან, რომლებმაც ეს ამბავი პოზიტიურად მიიღეს.

მისი აზრით, ქამინგაუთს ნეგატიური მხარეც აქვს, რადგან საზოგადოებაში ძალიან ბევრი მითი არსებობს. ეს ყველაფერი საკუთარ თავზეც გამოცადა, მაგრამ ამის გადალახვა წარმატებით შეძლო.

ქამინგაუთის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და გადავწყვიტე, რომ თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლო და აუცილებლად მოვიპოვო ის.

ადამიანებს, რომლებიც ახლა აპირებენ ქამინგაუთს, ლუკა ურჩევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა და არ ღირს ქამინგაუთი იქ, სადაც ადამიანს საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს. მისი თქმით, ყველას აქვს უფლება იყოს ის, ვინც არის და უყვარდეს ის, ვინც უნდა.

ქამინგაუთის შემდეგ, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მოტყუება აღარ უწევს.

ნათია უთმელიძე, რომელიც პროფესიით ექიმია, ქამინგაუთს ხილვადობას უკავშირებს და პირველ რიგში ნდობა ახსენდება იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დაქამინგაუთდე. როგორც თავად ამბობს, საკუთარ თავთან ადრეულ ასაკში დაქამინგაუთდა, სხვებთან საკმაოდ გვიან – 43 წლის ასაკში.

ის ქვიარ ადამიანებს ურჩევს, ახსოვდეთ, რომ ადამიანების რეაქცია მათ ქამინგაუთზე შესაძლოა, საბოლოო არ იყოს და რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც უფრო მეტს შეიტყობენ ქვიარ ადამიანების შესახებ, აზრი შეიცვალონ. მისი აზრით, ცნობადობის ამაღლება ხელს შეუწყობს მათი რეაქციის ცვლილებას.

ქამინგაუთი სიმართლისთვის თვალის გასწორებას ნიშნავს.

სტუდენტს, ანა კახიძეს ქამინგაუთზე სიტყვა ტერორი ახსენდებოდა, მაგრამ საკუთარმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი საშიშიც არაფერი ყოფილა. ის ფიქრობს, რომ საკუთარ თავთან ამის გაცნობიერება ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი — მეორეხარისხოვანი.

ანას აზრით, საკუთარ თავთან ქამინგაუთი ყველაზე რთულია, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი. მისი თქმით, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი ნეგატივი და წნეხია და თავიდან ფიქრობ, რომ რაღაც არასწორია, პრობლემაა. ის ფიქრობს, რომ ამ მომენტის გადალახვა ყველაზე რთული პროცესია.

ამ დროს ალბათ მარტო ხარ და ძალიან ბევრ უცნაურ, უჩვეულო შეგრძნებასთან, აზრთან გიწევს გამკლავება.

მეგობართან დაუგეგმავად, მოულოდნელად დაქამინგაუთდა. როგორც აღნიშნავს, უარყოფითი რეაქციის მოლოდინი ჰქონდა, ეგონა, რომ მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობები შეიცვლებოდა, რაც აშინებდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. თავს პრივილეგირებულად მიიჩნევს, რადგან ისეთი ადამიანების გარემოცვაშია, რომელთა დამოკიდებულებაც მისი იდენტობის გამო არ იცვლება.

ქამინგაუთი ცვლილებების მომტანია.

ორგანიზაცია თბილისი პრაიდის წევრ მიკო შახდინარიანისთვის ქამინგაუთი ძვირფასი ადამიანებისთვის ორიენტაციის შესახებ გაზიარებული ინფორმაციაა — ადამიანებისთვის, რომლებიც ისეთი ახლობლები არიან, რომ არ შეიძლება მათ რაიმე დაუმალო.

მიკოს აზრით, თუ ვინმემ თქვენთან ქამინგაუთი გადაწყვიტა, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს უყვარხართ, პატივს გცემთ და გიზიარებთ ამ ინფორმაციას, რადგან მისთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

იმისთვის, რომ ქამინგაუთი უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო პროცესად იქცეს, მიკო რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ დროსა და ადგილზე, თუ როდის სჯობს ამის გაკეთება — ღამით თუ დღისით, სწავლის პერიოდში თუ ზაფხულის არდადეგების დროს და ა.შ. მიკოს აზრით, ქამინგაუთი არ ღირს, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი არ ხარ, რადგან შეიძლება აღმოჩნდე ისეთ მოცემულობაში, როცა მშობლები უარს ამბობენ ფინანსურ დახმარებაზე, უფრო ცუდ შემთხვევაში კი, დაკარგო საცხოვრებელი.

ქამინგაუთი არის უნარი, რომ შენი ორიენტაცია აზეიმო და გარეთ გამოუშვა.

ნატალი ჭინჭარაშვილი საკუთარ თავთან პირველად მაშინ დაქამინგაუთდა, როდესაც გოგო შეუყვარდა. პირველად მაშინ გაიაზრა, რას ნიშნავდა ტერმინი — ლესბოსელი.

დედასთან ქამინგაუთის მერე ბევრს არ საუბრობდნენ, განსაკუთრებით, ამ თემასთან დაკავშირებით. დაახლოებით ორ კვირაში ნატალიმ თავად დაიწყო საკუთარი ისტორიების გაზიარება, რის შემდეგაც დედის რეაქცია შეიცვალა და ისევ აღადგინეს ძველებური ურთიერთობა.

ქამინგაუთის შემდეგ საკუთარი თავის გამოხატვა დავიწყე. აღმატებული დამოკიდებულება მქონდა საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერი გაირკვა.

პირველ რიგში, ქამინგაუთი არის გამჟღავნება საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე ძვირფას ადამიანებთან — ოჯახთან, მეგობრებთან.

ქვიარ აქტივისტ თამარ ჯაყელისთვის ქამინგაუთი სიმართლეში ცხოვრებას ნიშნავს.

საკუთარი თავის შეცნობა 5 წლის ასაკიდან დაიწყო. საბოლოოდ, თინეიჯერობის პერიოდში გააცნობიერა და 16 წლის ასაკში, საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში ისეთი ნიადაგი შეექმნა, რომ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გარშემომყოფებს მოუყვა. თამარი იხსენებს, რომ მეგობრებისგან ძალიან დადებითი საპასუხო რეაქციები მიიღო. რაც შეეხება დედას, მას გაუჩნდა სევდა, რომ საკუთარ შვილს მტრულად განწყობილ საზოგადოებაში მოუწევდა ცხოვრება. სხვა მხრივ, მხარს უჭერდნენ და მათი სიყვარული თამარის მიმართ არ შეცვლილა.

როდესაც ქამინგაუთი დავიწყე და დადებითი რეაქციები შემხვდა, განსაკუთრებით, ჩემი მეგობრებისგან, ეს იყო გათავისუფლება იმ სიმძიმისგან, რომელიც ლოდად მაწვა წლების მანძილზე.

თამარი ქამინგაუთის ნეგატიურ მხარეზეც საუბრობს. მისი აზრით, რთულია იმის გაცნობიერება, რომ მისი ოჯახი ყოველთვის იმაზე მეტად ინერვიულებს, ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან საზოგადოებაში მძაფრი დამოკიდებულებაა და ქვიარ კავშირები აღიარებული არ არის.

მისი აზრით, თუ ადამიანი იმ ეტაპზეა, რომ ქამინგაუთზე ფიქრობს, პირველ რიგში, მათი განწყობები უნდა გაარკვიოს, ვისთანაც ქამინგაუთდება.

შეგიძლიათ ესაუბროთ სხვადასხვა საზოგადოებრივ თემაზე, ანახოთ ფილმი, რომელშიც ქვიარ პერსონაჟი ან ქვიარ ურთიერთობა ფიგურირებს, რათა მაქსიმალურად იყოთ მზად ამ ადამიანის საპასუხო რეაქციისთვის.

თამარი ამბობს, რომ ხანდახან შეიძლება ადამიანებმა გაგვაოცონ, რადგან ვისგანაც ნეგატიურ რეაქციას ველით, შესაძლოა, ჩვენ მიმართ მეგობრული და კეთილგანწყობილი აღმოჩნდეს.

ეს არის პროცესი და სანამ ამას საჯაროდ გააცხადებ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა მიიღო.

ქვიარ აქტივისტი და იურისტი, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ მისთვის ქამინგაუთი პირველ რიგში საკუთარი თავის მიღებასთან ასოცირდება.

35 წლამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩუმად იყო და მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ პრაქტიკულად არავინ იცოდა. ნინოს ქამინგაუთი 2013 წლის 17 მაისს უკავშირდება, როდესაც ლგბტქი ადამიანებს და აქტივისტებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათ მიერ მობილიზებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ნინოს თქმით, მანამდე ქამინგაუთისგან თავს იკავებდა, თუმცა ამ დროს მიხვდა, რომ ამის გაზიარების დრო დადგა.

დაქამინგაუთების შემდეგ საკუთარი თავის პოვნის განცდა გამიჩნდა.

ნინო ამბობს, რომ ქამინგაუთს თან ახლდა როგორც ზიანის მომტანი გარემოებები, ასევე პოზიტივიც. პოზიტიური იყო შვილების რეაქცია. მათ დედას უთხრეს ისიც, რომ უკვე იცოდნენ ამის შესახებ. ნინოს თქმით, ამის შემდეგ მათი ურთიერთობები გაცილებით მყარი და ახლო გახდა. ზიანის მხრივ კი, ახლო ადამიანების მხრიდან უარყოფას გამოარჩევს. ასეთ ზიზღს არ ელოდა — ფიქრობდა, რომ რადგან მას კარგად იცნობდნენ, ეს ურთიერთობებს გადაარჩენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

როცა ვიმალებოდი, ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს, ბავშვობიდან მოყოლებული. როდესაც საკუთარი თავი მიღებული გყავს და გიყვარს, შეგიძლია შენს თავზე, ჯანმრთელობაზე და სხვა ადამიანებზე იზრუნო, გაცილებით უფრო პროდუქტიული და ჯანმრთელი იყო, დაიბრუნო სიცოცხლით ტკბობის უნარი.

ნინომ იმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სხვა აკეთებს ჩვენთან ქამინგაუთს. მან აღნიშნა, რომ ქამინგაუთს აკეთებ მასთან, ვისაც ენდობი და როცა ადამიანი შენთან ქამინგაუთდება, ეს დასაფასებელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანის მხარდაჭერა, მოსმენა და კეთილგანწყობა.

ის გვირჩევს, ქამინგაუთი წინასწარ უნდა დავგეგმოთ, რადგან ეს არის პროცესი, რომელშიც არ უნდა დავზიანდეთ და უსაფრთხოდ ვიყოთ. ნინოს თქმით, უნდა შეარჩიო სწორი დრო და ადამიანები, გაითვალისწინო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.

ქამინგაუთით არა მხოლოდ ამბობ ვინ ხარ, არამედ საკუთარი ცხოვრებით იწყებ ცხოვრებას, თავს უფლებას აძლევ გამოიყურებოდა ისე, როგორც შენ გეკომფორტულება.