ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კინოვარსკვლავის წარმომადგენელი ადასტურებს.

კოლტრეინმა სახელი არაერთ ცნობილ ფილმში მონაწილეობით გაითქვა, მათ შორის ჯეიმს ბონდსა და Cracker-ში, თუმცა, მაყურებელი ყველაზე მეტად ჰარი პოტერის სერიაში რუბეუს ჰაგრიდის როლის შესრულებით იცნობდა.

არაერთი ჯილდოს მფლობელი მსახიობი შოტლანდიაში, თავისი სახლის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. კოლტრეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში უარესდებოდა.

როგორც ვახსენეთ, კინომოყვარულთა ფართო წრისთვის კოლტრეინი ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის გასაღებებისა და მიწების მცველი, რუბეუს ჰაგრიდი, იყო. აღსანიშნავია, რომ ამ როლზე მსახიობის დამტკიცებას პოტერიადის წიგნების ავტორი, ჯოან როულინგი, უჭერდა მხარს.

თუმცა, კოლტრეინმა მანამდეც და შემდეგაც არაერთი საინტერესო როლი შექმნა კინოისტორიაში.

1950 წელს დაბადებული მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი ენტონი რობერტ მაკმილანი იყო. სასცენო სახელად კოლტრეინი მან საქსოფონისტ ჯონ კოლტრეინის პატივსაცემად აირჩია.

სხვადასხვა დროს შესრულებული როლებისთვის რობი კოლტრეინი უამრავი პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტი და გამარჯვებულიც გახდა. მსახიობი 2006 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დაჯილდოვდა.