ვარჯიში დადებითად აისახება როგორც სხეულზე, ასევე გონებაზე, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ და რა ნაწილში მოქმედებს ვარჯიში ჩვენს ტვინზე. ამის დასადგენად მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს.

"წინა კვლევებში ტვინი, როგორც წესი, განიხილებოდა, როგორც მთლიანობა", — ამბობს ფაბიენ ფოქსი, ნეირომეცნიერი და მიმდინარე კვლევის წამყვანი ავტორი. "ჩვენი მიზანი იყო, უფრო დეტალურად შეგვეხედა თავის ტვინისთვის და გაგვერკვია, ტვინის რომელ რეგიონებზე მოქმედებს ფიზიკური აქტივობა ყველაზე მეტად."

რაინლანდის კვლევის ვრცელი მონაცემები

ფოქსმა და მისმა თანამოაზრეებმა გამოიყენეს ინფორმაცია რაინლანდის კვლევიდან, რომელიც ჩატარდა DZNE-ის მიერ მიერ ბონის მახლობლად. მათ კონკრეტულად შეისწავლეს 30-დან 94 წლამდე ასაკის 2550 ადამიანის ფიზიკური აქტივობის მონაცემები, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მიღებული ტვინის სურათები. კვლევის მონაწილეები შვიდი დღის განმავლობაში ატარებდნენ აქსელერომეტრს ბარძაყის ზედა ნაწილში, რათა შეეგროვებინათ მონაცემები მათი ფიზიკური აქტივობის შესახებ. MRI სკანირებამ გამოავლინა ახალი დეტალები, განსაკუთრებით ტვინის მოცულობასა და ქერქის სისქეზე.

აქტივობის დონე ეფექტიანობის პირდაპირპროპორციულია

"ჩვენ შევძელით, გვეჩვენებინა, რომ ფიზიკურ აქტივობას ჰქონდა შესამჩნევი ეფექტი ტვინის თითქმის ყველა გამოკვლეულ რეგიონზე. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო მაღალი და ინტენსიური იყო ფიზიკური აქტივობა, მით უფრო დიდი იყო ტვინის უბნები, როგორც მოცულობის, ისე ქერქის სისქის მიხედვით. კერძოდ, ჩვენ ამას დავაკვირდით ჰიპოკამპში, რომელიც მეხსიერების საკონტროლო ცენტრად ითვლება. უფრო დიდი ტვინი, პატარა ტვინთან შედარებით, უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას ნეიროდეგენერაციისგან", — აჯამებს კვლევის შედეგებს ფაბიენ ფოქსი.

თუმცა, ტვინის რეგიონების ზომა არ იზრდება სწორხაზოვნად ფიზიკური დატვირთვით. კვლევის მონაწილეთა შედარებისას, რომელთა ნაწილი მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევდა, ხოლო მეორე ნაწილი მხოლოდ ზომიერი ფიზიკური აქტივობით იყო დაკავებული, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ყველაზე დიდი, თითქმის უეცარი მოცულობის ზრდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.

ფოტო: PTDC

"პრინციპში, ეს ძალიან კარგი ამბავია — განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ სურს ვარჯიში", — ამბობს აჰმად აზიზი, რომელიც ხელმძღვანელობს კვლევით ჯგუფს "პოპულაცია და კლინიკური ნეიროეპიდემიოლოგია" DZNE-ში. "ჩვენი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ქცევის მცირე ცვლილებებმაც კი, როგორიცაა დღეში 15 წუთი სიარული ან კიბეებზე ასვლა ლიფტის ნაცვლად, შეიძლება იქონიოს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ტვინზე და პოტენციურად ეწინააღმდეგებოდეს ასაკთან დაკავშირებულ ტვინის მატერიის დაკარგვასა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებას. კერძოდ, ხანდაზმულებს უკვე შეუძლიათ, ისარგებლონ დაბალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის ზომიერი გაზრდით."

ახალგაზრდა და გარკვეულწილად ათლეტურ სუბიექტებს, რომლებიც ჩვეულებრივ ეწევიან ზომიერ და ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, ასევე ჰქონდათ ტვინის შედარებით დიდი მოცულობა. თუმცა, კიდევ უფრო აქტიურ სუბიექტებში, ტვინის ეს რეგიონები ოდნავ უფრო დიდი ზომის იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ აქტივობა და ეფექტიანობა ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია, თუმცა ფიზიკური აქტივობის მაღალ დონეზე, სარგებლიანობა იკლებს.

ტვინის რეგიონები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ

ტვინის იმ რეგიონების დასახასიათებლად, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს იღებდნენ ფიზიკური აქტივობით, მკვლევართა ჯგუფმა მოძებნა მონაცემთა ბაზები იმ გენების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურია თავის ტვინის ამ ადგილებში. "ძირითადად, ეს იყო გენები, რომლებიც აუცილებელია მიტოქონდრიების, ჩვენი უჯრედების ელექტროსადგურების, ფუნქციონირებისთვის", — ამბობს ფაბიენ ფოქსი. ეს ნიშნავს, რომ ტვინის ამ რეგიონებში მიტოქონდრიების განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა. მიტოქონდრია ჩვენს ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს, რისთვისაც მას ბევრი ჟანგბადი სჭირდება. "თავის ტვინის სხვა რეგიონებთან შედარებით, ეს მოითხოვს სისხლის ნაკადის გაზრდას, რაც განსაკუთრებით კარგად არის უზრუნველყოფილი ფიზიკური აქტივობის დროს, რამაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ იღებენ სარგებელს ტვინის ეს რეგიონები ვარჯიშისგან", — ამბობს აჰმად აზიზი.

ვარჯიში გვიცავს

ბიოინფორმაციულმა ანალიზმა შემდგომში აჩვენა დიდი გადაფარვა გენებს შორის, რომელთა ექსპრესიაზე გავლენას ახდენს ფიზიკური აქტივობა და იმ გენებს შორის, რომლებზეც გავლენას ახდენს ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორებიცაა: ალცჰაიმერი, პარკინსონი ან ჰანტინგტონი. ეს გვთავაზობს პოტენციურ ახსნას იმაზე, თუ რატომ აქვს ფიზიკურ აქტივობას ნეიროპროტექტორული ეფექტი.

შესაბამისად, კვლევის შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან ასაცილებლად და ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მოკრძალებული ინტენსივობის ვარჯიშიც კი დაგეხმარებათ. ეს მცირედი ძალისხმევაა, რომელსაც უზარმაზარი ეფექტი აქვს.