ამის შესახებ ინფორმაციას CNN მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Starlink სატელიტური ინტერნეტ სერვისია, რომლის მიზანიც დედამიწის ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა.

  • მას შემდეგ, რაც Starlink უკრაინას გადაეცა, უკრაინელი სამხედროებისთვის ის სასიცოცხლოდ აუცილებელ კომუნიკაციების წყარო გახდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავს ესხმის და ანადგურებს ინტერნეტ კავშირებს, Starlink-ის სერვისი მათ უწყვეტი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

დეტალები: მედიის ცნობით, გასულ თვეს ილონ მასკმა პენტაგონს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის სერვისის დაფინანსებას ვეღარ გააგრძელებს.

  • წერილში ის პენტაგონს სთხოვს, რომ უკრაინის მთავრობის მიერ Starlink-ის სერვისის გამოყენების გასაგრძელებლად, თავად უზრუნველყონ დაფინანსება;
  • SpaceX-ის მტკიცებით, წლის ბოლომდე ეს 120 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო მომავალი 12 თვის განმავლობაში 400 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება;

არქივიდან: ოქტომბრის დასაწყისში ილონ მასკმა ტვიტერზე გამოკითხვები ჩაატარა "უკრაინა-რუსეთის მშვიდობაზე", ყირიმისა და დონბასის რუსეთთან მიერთებასა და ხელახალი რეფერენდუმის საჭიროებაზე.

  • პასუხად კი Twitter-ზე კრიტიკული გამოხმაურებები და უკრაინის ოფიციალური პირების პასუხი მიიღო;
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხო გამოკითხვაც კი ჩაატარა: "რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ: 1. რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. 2. რომელიც მხარს უჭერს რუსეთს".