სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. ცერცვაძემ თანამდებობა კომპანია აიპლუსსა და აიტექნიკს შორის სამართლებრივ დავას ასახელებს. ამის შესახებ განცხადება ცერცვაძემ გაავრცელა.

"უკანასკნელ პერიოდში არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა გაკეთებული კომპანია აიპლუსის მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და უხეშად ლახავდა, როგორც ჩემი, ასევე საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და მთლიანად სასამართლოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს,"- აცხადებს ცერცვაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანიებს აიპლუსსა და აიტექნიკს შორის დასრულებულ საქმეზე.

"მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები," - აღნიშნავს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და დასძინა, რომ თანამდებობა შეკითხვების გაჩენის არიდების მიზნით დატოვა.

რამდნეიმე თვის წინ, აიპლუსსა და აიტექნიკს შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებით დაირღვა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ამასთან მისი ქმედება ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობას