შესაბამისი განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

რას ამბობენ ოპოზიციაში: ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია უპასუხისმგებლობის, ხალხზე ზრუნვის ნაკლებობისა, კორუფციის შედეგია და დასძენს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სტანდარტად უნდა დაწესდეს.

  • "კალაძის ადგილას გადავდგებოდი, იმიტომ, რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა".
  • ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულია, რადგან დღეს "უსაფრთხო არაფერი აღარ არის".

იმავეს აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძეც და ამბობს, რომ კალაძეს "არანაირი მორალური უფლება არ აქვს", დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე.

  • "ის უნდა გადადგეს, ცალსახად, მან უნდა აიღოს, პოლიტიკური არა, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ოჯახის, მთელი საქართველოს და თბილისის მაცხოვრებლების წინაშე".
  • პარტიის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ წლობით გაწელილი საგზაო-სარემონტო სამუშოები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურას და ქაოსური მშენებლობა კალაძისა და მისი გუნდის არაკომპეტენტურობისა და კორუფციაში ჩართულობის შედეგია.

გარდა ამისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც. პარტიის წევრი, ბესიკ დონაზე აცხადებს, რომ პირველი კომენტარი, რაც მომხდარის შემდეგ მერმა გააკეთა "მისი და თანამშრომლების" გადარჩენას ეხებოდა.

  • "კომპანიის გარდა, პასუხისმგებლები არიან მერიის ის თანამშრომლებიც, რომლებმაც, ტენდერის გამოცხადებიდან ობიექტის ჩაბარებამდე გაწიეს გარკვეული სამუშაოები".
  • ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ყველანაირი პოლიტიკური განცხადება უადგილოა და იმედს გამოთქვამს, "შესაბამის პირებს ეყოფათ გამბედაობა, საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიწოდონ"
  • "აიღონ პასუხისმგებლობა... დანარჩენს სხვა დროს ვიტყვი, ახლა გლოვის დროა".

რა მოხდა: დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

  • მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თბილისის მერის თქმით, მომხდარი უმძიმესი ფაქტია და "ყველა დაისჯება შესაბამისად".

  • კითხვაზე, ხედავს თუ არა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, ის ასე პასუხობს: "რა თქმა უნდა. უდიდესი, უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".
  • მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ შადრევანი გატესტილი იყო და არანაირი პრობლემა არ ქონია.

ვაკის პარკში გუშინ, 12 ოქტომბერს მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

  • მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.
  • ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.
  • თბილისის მერიის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე წაიშალა პოსტი, რომელიც რეაბილიტაციის დასრულებას ეხებოდა და შადრევნისა და კახა კალაძის ხალხთან შეხვედრის ფოტოები იყო გამოქვეყნებული — უწყებაში ამბობენ, რომ ეს მიზანშეწონილად მიიჩნიეს.