ჯორჯ მარტინის თქმით, House of the Dragon-ს ტარგარიენების სამოქალაქო ომის მოსაყოლად 40 ეპიზოდი მაინც სჭირდება. როგორც უკვე ვიცით, HBO-ს სერიალის პირველ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება, ასე რომ მარტინი 4 სეზონის გადაღებას გეგმავს.

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, სერიალების თითო სეზონში 39 ეპიზოდი იყო. იმ დროს, როცა Beauty and the Beast-ს ვწერდი, ეპიზოდების რაოდენობა 22-მდე შემცირდა. The Sopranos-ს სეზონებში სერიების რაოდენობა 13-ია, ხოლო Game of Thrones-ის (ბოლო ორი სეზონის გარდა) თითო სეზონში 10 ეპიზოდია. House of the Dragon-ის თითოეულ სეზონს 13 ეპიზოდი რომ ჰქონოდა, ისტორიას უფრო გავშლიდით და "დროში გადახტომებიც" აღარ იქნებოდა. თუმცა ეს იმ რისკს შეიცავდა, რომ მაყურებლისთვის მოვლენები ძალიან ნელა განვითარდებოდა და შოუ მოსაწყენიც გახდებოდა", — ამბობს ჯორჯ მარიტინი.

ფოტო: HBO

"აღფრთოვანებული ვარ, რომ ამბის მოსაყოლად სეზონში 10 საათი ჯერ კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, რომ Dance of the Dragons-ის ისტორიის მოყოლას 40 ეპიზოდი დასჭირდება", — დასძინა მარტინმა. შეგახსენებთ, რომ House of the Dragon იმ ამბების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სამეფო კარის თამაშებამდე 200 წლით ადრე ხდებოდა. სერიალი ტარგარიენების სახლის ისტორიისა და სამოქალაქო ომის შესახებ გვიამბობს.

ჯოჯრ მარტინმა House of the Dragon-ის მსახიობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მე-8 ეპიზოდში მეფე ვისერისის განსახიერებისთვის პედი კონსოდაინი ემის ჯილდოს იმსახურებს.

ფოტო: HBO

"მეფე ვისერის ტარგარიენი, რომელსაც შოუში პედი კონსოდაინი განასახიერებს, იმაზე უკეთესად არის წარმოდგენილი, ვიდრე Fire & Blood-ში ჩემ მიერ აღწერილი მეფე ვისერისი. ის უფრო ძლიერია, ჯერ კიდევ კონფლიქტებშია ჩართული, მაგრამ უფრო ტრაგიკული პერსონაჟია. მაქვს იმის გამბედაობა ვაღიარო, რომ მსახიობმა ვისერისის პერსონაჟი შოუში უფრო საინტერესო გახადა", — ამბობს ჯორჯ მარტინი.