ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი ახალ თეორიას გვთავაზობს, რომელიც ცნობიერების წარმოშობის მიზანსა და დანიშნულებას გვიხსნის.

რომელი ფსიქიკური აშლილობები ზემოქმედებს ცნობიერებაზე? ანდა, საერთოდაც, რატომაა დიეტის დაცვა და ზოგადად ცდუნებებთან გამკლავება ასეთი რთული?

"ორიოდე სიტყვით, ჩვენი თეორია ისაა, რომ ცნობიერება მეხსიერების სისტემის სახით განვითარდა, რომელსაც ჩვენი არაცნობიერი ტვინი ჩვენს დასახმარებლად იყენებს, რათა მოქნილად და შემოქმედებითად წარმოვიდგინოთ მომავალი და გეგმაც შესაბამისად შევადგინოთ", — გვიხსნის ნაშრომის თანაავტორი ენდრიუ ბადსონი, ნევროლოგიის პროფესორი.

მისი თქმით, თეორიის სიახლე შემდეგ მიდგომაში მდგომარეობს: პირდაპირ არც სამყაროს აღვიქვამთ, არც გადაწყვეტილებებს ვიღებთ და არც მოქმედებებს ვასრულებთ. ამის ნაცვლად, ამ ყველაფერს გაუცნობიერებლად ვაკეთებთ და ამას შემდეგ — დაახლოებით ნახევარი წამის შემდეგ — ვიხსენებთ ცნობიერად.

ბადსონის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ახალი თეორია იმ არაერთი ფენომენის ასახსნელად შექმნეს, რომელთაც ცნობიერების წინა თეორიები იოლად ვერ განმარტავდა.

"ვიცოდით, რომ ცნობიერი პროცესები უბრალოდ ზედმეტად ნელია იმისათვის, რომ მუსიკაში, სპორტსა და იმ სხვა აქტივობებში აქტიურად იყოს ჩართული, რომლებიც უცაბედ რეფლექსებს საჭიროებს", — აცხადებს ბადსონი.

მეცნიერებს თუ დავეყრდნობით, მათი თეორია იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვეუბნება, ყველა გადაწყვეტილებასა თუ მოქმედებას სინამდვილეში არაცნობიერად ვახორციელებთ და თავს ვაჯერებთ, რომ ეს გაცნობიერებულად გავაკეთეთ.

მათ შემდეგნაირი მაგალითი მოჰყავთ: საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ მხოლოდ რამდენიმე კოვზ ნაყინს შევჭამთ, შემდეგში კი ვიგებთ, რომ კონტეინერი ცარიელია — ამას იმით ხსნიან, რომ ჩვენს ქმედებებს ჩვენი ცნობიერი გონება არ აკონტროლებს.

"ზოგადად, ჩვენი ფიქრებიც კი არ ექვემდებარება ცნობიერ კონტროლს. სწორედ ამ ნაკლებობის გამო შეიძლება გვიჭირდეს აზრების კორიანტელისათვის თავის დაღწევა, როდესაც დაძინებას ვცდილობთ, და ამიტომაა "მაინდფულნესი" ასეთი რთული", — დასძენს ბადსონი.

ასევე იხილეთ: შესაძლებელია არასასურველი აზრების თავიდან ამოყრა? — რა ვიცით

ბადსონი და მისი კოლეგები ცნობიერების აშლილობებად რამდენიმე ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და განვითარების დარღვევას მოიაზრებენ, რომელთა შორისაა: ალცჰაიმერი და სხვა დემენციები, დელირიუმი, შაკიკი, შიზოფრენია, იდენტობის დისოციაციური აშლილობა, რამდენიმე კონკრეტული ტიპის აუტიზმი და სხვა.

მკვლევართა ნაშრომი ერთგვარ გეგმასაც მოიცავს, თუ როგორ შეიძლება, კლინიცისტებმა, განმანათლებლებმა და უბრალოდ ადამიანებმა მაქსიმალურად გაიუმჯობესონ ქცევა და შეიძინონ ცოდნა. ეს ყველაფერი იმ კლინიკური და სწავლებისათვის განკუთვნილი მეთოდებით, რომლებიც, შესაძლოა, ცნობიერი და არაცნობიერი გონების ფორმირებისათვის ეფექტიანი აღმოჩნდეს.

დამატებითი კვლევის შედეგად, შესაძლოა, მიგნებები პაციენტებს პრობლემურ ქცევასთან (მაგალითად, გადამეტებული კვება) გამკლავებაში დაეხმაროს, ჩვენ კი უკეთ გაგვაგებინოს, როგორ უზრუნველყოფს ტვინის სხვადასხვა სტრუქტურა მეხსიერებას.

მეცნიერთა ნაშრომს ჟურნალში Cognitive and Behavioral Neurology გაეცნობით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.