საქართველო მორიგი კულტურული ღონისძიების მასპინძელია. ამჯერად, მუსიკალური პროექტი Made in Georgia ცნობილ ჰოლანდიელ და ქართველ მუსიკოსებსა და შემსრულებლებს უმასპინძლებს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო Grove Design Hotel-ში შედგა. პროექტის ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს Made in Georgia-ს მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

Netherland Wind Ensemble ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლია, რომელიც მსმენელს სხვადასხვა ჟანრის ორიგინალური ინტერპრეტაციებითა და მრავალფეროვანი კულტურული თავისებურებებით მდიდარ რეპერტუარს სთავაზობს.

NBE დაახლოებით 50 წელია არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში სახელი მსოფლიოში გაითქვეს. ისინი არაერთ მუსიკოსთან, კომპოზიტორთან თუ შემსრულებლებთან თანამშრომლობენ და მსმენელს მუდმივად საინტერესო და განახლებადი პროგრამას სთავაზობენ.

ისინი უკვე წლებია საერთაშორისო პროექტ Made in-ს ახორციელებენ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ამჯერად, ჰოლანდიელმა მუსიკოსებმა არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.

"საქართველოს დიდი კულტურული ისტორია აქვს. ამის შესახებ ხშირად გვსმენია და ბევრი წაგვიკითხავს. ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოს უფრო დავახლოვებოდით და სწორედ ამიტომ ჩამოვედით აქ", ამბობს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბარტ შნეენმანი.

ფოტო: Made in Georgia

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე ცნობილი ქართველი მუსიკოსი ლევან ცხადაძეა, რომელიც ამჟამად ჰოლანდიაში მოღვაწეობს. მასთან ერთად პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, გორის ქალთა გუნდი, ანჩისხატის გუნდი და ადილეი.

პირველი კონცერტი დღეს, 25 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება და ის 18:00 საათზე დაიწყება. კონცერტები 26 და 28 მაისსაც ჩატარდება.

პროექტის Made in Georgia მხარდამჭერები არიან ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თიბისი ბანკი, სასტუმრო Grove Design Hotel, ჟურნალი Georgia To See და ლოპოტას დასასვენებელი კომპლექსი.