ბელარუსის პრეზიდენტის განცხადების შესახებ რუსული მედიები წერენ და აღნიშნავენ, რომ მას არ დაუკონკრეტებია — სად და რისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღის წინ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ლუკაშენკოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ღიად ჩართვას აიძულებდა.

  • დღეს კი ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ არაოფიციალური არხებით, ბელარუსზე უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმის შესახებ გააფრთხილეს.
  • უსაფრთხოების საკითხების განსახილველ შეხვედრაზე მანვე მოუწოდა სამხედროებს გადასცენ ზელენსკის მთავრობას, რომ "ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ", თუ ბელარუსის ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან.

დეტალები: ამავე შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ "მოკავშირე სახელმწიფოების დასავლეთ საზღვრებზე სიტუაციის ესკალაციის გამო", რუსეთისა და ბელარუსის რეგიონალური დაჯგუფების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

  • "თუ საფრთხის დონე მიაღწევს ახლანდელ ნიშნულს, ვიწყებთ კავშირის სახელმწიფო ჯგუფის გამოყენებას", — განმარტა მან.
  • მისივე თქმით, ამ ერთობლივი არმიის საფუძველი ბელარუსის შეიარაღებული ძალებია და ფორმირება უკვე ორი დღეა მიმდინარეობს.
  • მანვე აღნიშნა, რომ ახლა მოსკოვს ახალი კონფლიქტის თავი არ აქვს და დაამატა: "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტიგენტის დიდი რაოდენობის იმედი არ გქონდეთ, მაგრამ ეს იქნება არაერთი ათასი ადამიანი".

ლუკაშენკომ გააფრთხილა ყველა, რომ ბელარუსი მზადაა ადეკვატურად უპასუხოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.

  • მან უშიშროების კომიტეტს და თავდაცვის სამინისტროს სიტუაციის გასაკონტროლებლად და მასზე რეაგირებისთვის შესაძლო ღონისძიებების შემუშავებაც დაავალა.