პოპულარული ნახატები კატებზე, რომლებიც თასებიდან რძეს სვამენ, მე-19 საუკუნეში გაჩნდა. სამრეწველო რევოლუციის პროგრესთან ერთად, ქალაქებში ადამიანების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი. გაიზარდა კატებისა და ძაღლების მფლობელების რიცხვიც, რის გამოც, მხატვრები უფრო და უფრო ხშირად ხატავდნენ შინაურ ცხოველებს. მაგალითად, ფრანგი მხატვარი ალფრედ-არტურ ბრუნელ დე ნევილი ხშირად ხატავდა კატებს, რომლებიც სვამდნენ რძის თასებიდან და ეს ნამუშევრები ძალიან პოპულარული იყო მისი სიცოცხლის განმავლობაში.

თუმცა, დიდი ბრიტანეთის წამყვანი ვეტერინარული საქველმოქმედო ორგანიზაციის, People's Dispensary for Sick Animals-ის თანახმად, ზრდასრული კატებისთვის რძის მიცემამ შეიძლება მათ სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანოს. კატები, ადამიანების მსგავსად, ზრდასთან ერთად ხშირად კარგავენ ლაქტოზას, იგივე რძის შაქრის მიმართ ამტანობას.

"კატების უმეტესობისთვის ლაქტოზას მონელების უნარი მცირდება ძუძუთი კვების შემდეგ. შედეგად, რძემ შეიძლება გამოიწვიოს კატებში საჭმლის მომნელებელი პრობლემები და ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა დიარეა ან ღებინება", — განუცხადა Live Science-ს ნატალი დოუგრეიმ, გაერთიანებული სამეფოს International Society of Feline Medicine-ის ხელმძღვანელმა.

ზოგიერთმა კატამ შეიძლება შეინარჩუნოს ლაქტოზას მონელების უნარი ზრდასრულ ასაკში, ისევე, როგორც ხდება ადამიანების ნაწილის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, "არ არსებობს დამატებითი კვებითი სარგებელი თქვენი კატისთვის ძროხის რძის მიცემიდან, თუ ისინი იკვებებიან მაღალი ხარისხის სრული და დაბალანსებული კატის საკვებით", — დასძინა მან.

"Cream" — ალფრედ-არტურ ბრუნელ დე ნევილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი.

ფოტო: Rehs Galleries, Inc.

გარდა ამისა, ძროხის რძე სავსეა ცხიმებით. ერთი რძის თეფში კატისთვის "ისეთივე რამაა, როგორიც თქვენთვის 12-დუიმიანი პიცა", — აღნიშნავენ People's Dispensary for Sick Animals-ში. ამდენად, ძროხის რძემ შეიძლება უბიძგოს კატას ჭარბწონიანობისკენ.

უფრო მეტიც, "ძროხის რძე შეიცავს ფოსფატის მაღალ დონეს", — აღნიშნა დოუგრეიმ. ეს ნიშნავს, რომ კატებისთვის უმჯობესია, თავიდან აიცილონ მისი მიღება, თუკი მათ დაუდგინდათ თირკმლის დაავადება, რადგან ფოსფორს შეუძლია დააზიანოს თირკმლის სიჯანსაღე თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე კატებში, — ნათქვამია 2017 წლის კვლევის ჟურნალ Feline Medicine and Surgery-ში.

Hastings Veterinary Hospital-მა აღნიშნა, რომ კატებს შესაძლოა მაინც სურდეთ რძის მიღება, მიუხედავად მისგან გამოწვეული პრობლემებისა, რადგან ისინი რძეს აკავშირებენ პოზიტიურ მოგონებებთან, რომლებიც კნუტების ასაკში განიცადეს. ანდაც, მათ შეიძლება უბრალოდ მოსწონდეთ რძეში არსებული ცხიმის გემო, — განაცხადა People's Dispensary for Sick Animals-მა.

კნუტები, როგორც წესი, სვამენ დედის რძეს მანამ, სანამ მთლიანადაც არ მოსცილდებიან მას რამდენიმე თვის ასაკში. კნუტებმა, რომლებიც საჭიროებენ ხელით აღზრდას ისეთ სიტუაციებში, როგორებიცაა ავადმყოფობა ან დედის დაკარგვა, "უნდა იკვებონ კნუტის რძის ფრთხილად შემუშავებული შემცვლელით, რომელიც აკმაყოფილებს მათ კვებით მოთხოვნებს", — თქვა დოუგრეიმ.

სხვა ტიპის რძე, როგორებიცაა ძროხის ან თხის რძე, არ არის კატის რძის შესაფერისი შემცვლელი, რადგან ისინი არ შეიცავს საკმარის ცილებს ან ცხიმებს კნუტის ზრდისა და განვითარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, — აღნიშნავს იგი. ამიტომ მაღალი ხარისხის კნუტის რძის შემცვლელებისთვის, რომლებიც უსაფრთხოა და სწორად არის შემუშავებული კნუტებისთვის, სჯობს, ვეტერინარს მიმართოთ.

სუპერმარკეტებსა და შინაური ცხოველების მაღაზიებში ზოგჯერ იყიდება კატების სპეციალური რძე, თუმცა, როგორც დოუგრეი აღნიშნავს, კატებისთვის რძის პროდუქტების შეძენის ნაცვლად, რომლებიც არ გთავაზობენ დამატებით კვებით ღირებულებას, სჯობს, ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ მათ ყოველდღიურად ჰქონდეთ სუფთა წყალი.