ექსპრეზიდენტმა ვივამედის ხელმძღვანელს, ნინო ნადირაძეს წერილი გუშინ, 6 მარტს მისწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

  • 5 ოქტომბერს შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა, რომ სააკაშვილი ვერ იღებს საჭმელს და აქვს ტკივილები — მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ვივამედში გადაყვანის შემდეგ 20 კგ აქვს დაკლებული;
  • ნევროლოგი ოთარ თოიძე კი ამბობს, რომ მაღალია ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის განვითარების რისკი.

რას წერს სააკაშვილი: მედიების მიერ გავრცელებულ წერილში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და კლინიკას მოუწოდებს, მასთან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისთვის ამერიკელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ჯეიმს კობსი შეუშვან.

  • "ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. მიეცით საშუალება ექიმს, გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობას".

კლინიკის პასუხი: ადვოკატების განცხადებით, ვივამედის წერილში, რომელსაც ხელს ნინო ნადირაძე აწერს, ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის ვიტალური პარამეტრები კრიტიკული არ არის და გრძელდება მისი, როგორც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობა, ასევე, ზედამხედველობა.

  • ასევე, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში კლინიკა სრულ მზადყოფნაშია.
  • ვივამედი სააკაშვილთან ვერც ამერიკელი ექიმის შეყვანის საჭიროებას ხედავს და აცხადებს, რომ ერთჯერადად შეშვება მათ კომპეტენციას სცილდება.
  • "მისი სპეციალიზაცია გახლავთ ტრავმატოლოგია, ორთოპედია, მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, მისი დახმარება ვერ იქნება ჯეროვანი".

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ეს "გაუგონარი ფაქტია", ხოლო ენმ-ის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, თუ წერილზე ნამდვილად ნადირაძის ხელმოწერა და "არ გაუყალბეს", სისხლის სამართლის ყურადღების მიქცევას იმსახურებს.

  • "ეს საქმე არის პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. ამ საბუთებს გადავაგზავნით უფლებადამცველ ორგანიზაციებში, იმედი მაქვს, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვება".

არქივიდან: სააკაშვილმა შიმშილობა აქამდე ორჯერ გამოაცხადა. დაკავების შემდეგ დაწყებული 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

  • მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.