ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებას განუცხადა.

დეტალები: მეცოლამ შეშფოთება გამოხატა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებაში არსებული "ხვრელების" გამო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება ან გაწევრიანების გზაზე არიან.

  • მანვე თქვა, რომ გადახედავენ ყველა ქვეყანას ამ კუთხით, იმის მიუხედავად, იქნება ეს წევრი, წევრობის კანდიდატი, თუ მეზობელი სახელმწიფო.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, კავშირის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სანქციები დემოკრატიის ფასია, რომელიც უნდა გაგრძელდეს.
  • ის რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს: "ყოველთვის შეიძლება, მეტი სანქციები იყოს. ყოველთვის შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს სანქციების სიაში".

რატომ არის მნიშვნელოვანი: სანქციებისთვის თავის არიდებაში ხელშეწყობის ბრალდება არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს ხელისუფლების მიმართაც.

  • 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონელი შეიტანოს, რაშიც მთავრობა ხელს უწყობს.
  • მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა პოლიტიკური პირებისგან დავალება მიიღეს, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.
  • 22 სექტემბერს ოპოზიციის 51-მა დეპუტატმა, რუსეთთან საქართველოს მთავრობის კავშირის გამოსაკვლევად, პარლამენტში კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა.

მთავრობა უკრაინის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

  • სუს-მა უკრაინის დაზვერვისგან "სამართლებრივი რეაგირების მიზნით" მტკიცებულებები მოითხოვა.
  • საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
  • ფინანსთა სამინისტრომ ბრალდებას ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული უწოდა.
  • პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ ბრალდება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.