არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარების იდეა, ძირითადად, სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, თუმცა ამ საკითხს უკვე მეცნიერებიც აქტიურად განიხილავენ. მათ შორის არიან ახალი კვლევის ავტორები, რომლებიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას, ანუ იმაზე, თუ რა რეაქცია მოჰყვება მსგავს მოვლენას მსოფლიო მასშტაბით.

მათი ნააზრევი ერთგვარი პასუხია 2020 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომზე, რომელშიც მკვლევრები ჰოლივუდის მიერ წარმოჩენილი დამპყრობელი უცხოპლანეტელების ნაცვლად, შიდა რისკებზე საუბრობენ. მათი აზრით, საფრთხე რეალურ პოლიტიკას უკავშირდება. ის კონკრეტულ ვითარებაზე დამოკიდებულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ნაბიჯებს აღნიშნავს, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე პრაქტიკულ, მატერიალურ სარგებელზეა დაფუძნებული და არა მორალურ თუ იდეოლოგიურ ფაქტორებზე.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რეალურ პოლიტიკაში მთავარი ძალაუფლებაა.

ადრეულ კვლევაში მეცნიერები მსჯელობენ, რა რეაქცია ექნებათ სახელმწიფოების ლიდერებს არამიწიერ გონიერ ცივილიზაციასთან კავშირზე. მათი აზრით, ისინი შეეცდებიან, საკომუნიკაციო არხებზე მონოპოლია მოიპოვონ იმ იმედით, რომ რაიმე სარგებელს მიიღებენ. მაგალითად, ცოდნას განვითარებულ ტექნოლოგიაზე. ეს კი, თავის მხრივ, კონფლიქტებს გამოიწვევს.

ავტორები აცხადებენ, რომ საჭირო იქნება, მეცნიერები, მათი სამუშაო სივრცე და ოჯახები დაცული იყოს, ისევე, როგორც რადიოტელესკოპები თუ სხვა მოწყობილობები, რომლებიც სიგნალების დასაფიქსირებლადაა აუცილებელი.

ფოტო: New Atlantic

უკანასკნელ ნაშრომში მეცნიერები მათ კოლეგებს არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, სცენარი სულ სხვანაირად განვითარდეს. შესაბამისად, რეალური პოლიტიკის პარადიგმა მსგავს სიტუაციაზე ერთადერთ მოსალოდნელ პასუხად არ უნდა განიხილებოდეს.

თანაც, მათი აზრით, მონოპოლიას ვერცერთი სახელმწიფო მოიპოვებს, რადგან მეცნიერებს შორის საერთაშორისო ურთიერთობები მაღალ დონეზეა განვითარებული. ისინი სხვადასხვა პროექტზე ერთად მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ქვეყნების მიერ რაიმეს მითვისების რისკი უსაფუძვლოა.

ასევე, ჩვენზე ბევრად მაღლა მდგომი ცივილიზაციის მიერ შექმნილ ტექნოლოგიაზე ინფორმაცია რომც მივიღოთ, საკმარისი სამეცნიერო გამოცდილება არ გვექნება, რათა ის რეალურად გამოვიყენოთ ან, თუნდაც, გავიგოთ. ესეც რომ არა, ბირთვულ და ბიოიარაღებს უკვე იმ რაოდენობით ვფლობთ, რაც მთელი მსოფლიოს გასანადგურებლად ისედაც გვეყოფა.

მონოპოლიისკენ სწრაფვის შესაჩერებლად საუკეთესო გზად ავტორები ღიაობას, გამჭვირვალობას ასახელებენ და არა პირიქით, ჩაკეტვასა და მკაცრ თავდაცვას, რაც მეტ ეჭვს გააჩენს. ისინი კოლეგებს ეთანხმებიან, რომ ძალაუფლების მოპოვების სურვილი მართლაც საშიში შეიძლება აღმოჩნდეს და რომ მეცნიერთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია.

მათი კვლევა სამეცნიერო პორტალზე arXiv არის ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Space Policy გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.