2022 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა უფლებათადამცველ ალეს ბიალიაცკის ბელარუსიდან, რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაცია "მემორიალსა" და უკრაინულ უფლებადამცველ ორგანიზაცია "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს".

"ნობელის პრემიის ლაურეატები საკუთარ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ. ისინი უამრავი წლის განმავლობაში ძალაუფლების კრიტიკასა და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას უჭერდნენ მხარს. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გაშუქებაში. ერთად ისინი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის სამოქალაქო საზოგადოების ძალის მნიშვნელობას გვიჩვენებენ", — ვკითხულობთ გამარჯვებულთა შეფასებაში.

2021 წელს პრემია რუს ჟურნალისტ დმიტრი მურატოვსა და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტ მარია რესას გადაეცათ.

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის დაარსებაც შვედი ქიმიკოსის ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. პრემია 1901 წლიდან გაიცემა ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის, მშვიდობისა და ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში.