სოციალურ ქსელებში აქტიურობა და სხვების შესახებ საჯაროდ საუბარი კანიე ვესტისთვის უცხო ნამდვილად არაა. ცოტა ხნის წინ კანიემ ინსტაგრამზე ბალენსიაგას გუნდის წევრებზეც ისაუბრა. რეპერმა პოსტები უკვე წაშალა.

კანიე იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ბალენსიაგას გუნდის რამდენიმე წევრმა ბრენდ Supreme-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, თრემეინ ემორის პოსტი მოიწონეს, რომელიც ემორისა და კანიეს შორის არსებულს დაძაბულობას ეხებოდა. "შენ მსხვერპლი არ ხარ, შენ კომპლექსებიანი ნარცისი ხარ, რომელსაც მოდის სამყაროსგან ვალიდაცია სჭირდება", — ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

ფოტო: Instagram

კანიემ ბალენსიაგას გუნდის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უხარია, როცა ადამიანები საკუთარ ნამდვილ სახეს აჩენენ. კანიეს თქმით, მათ სძულთ რეპერისა და დემნას ურთიერთობა.

"ეს ბალენსიაგას გუნდის წევრები არიან, რომლებმაც თრემეინის პოსტი მოიწონეს, რომელშიც ის დამემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბალენსიაგასთვის ამდენი რამ გავაკეთე. მიყვარს, როცა ადამიანები გვიჩვენებენ, სინამდვილეში ვინ არიან და რას გრძნობენ. ახლა აღარაა საჭირო, ერთმანეთის მიმართ ყალბები ვიყოთ. თქვენ ყველას გძულთ ჩემი და დემნას ურთიერთობა. დემნა ახლა ყველაზე რელევანტური დიზაინერია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის იყენებს კიმს — პლანეტაზე ყველაზე რელევანტურ არტისტს", — დაწერა კანიემ.

ფოტო: Ye / Instagram

კანიემ კიმს მარინა აბრამოვიჩის, მერილინ მონროსა და ჰილარი კლინტონის ჰიბრიდი უწოდა. კანიეს თქმით, თავად ყველა ხელოვანის საყვარელი ხელოვანია.

"იმედია, ამის ნახვა დემნას გაახსენებს მას, ვისაც ის სინამდვილეში ადარდებს", — დაწერა კანიემ.

ფოტო: kanyewest; fashionholics online

აღსანიშნავია, რომ მოდის შესახებ ქართულმა ონლაინგამოცემა Fashionholics Online-ის მიხედვით, ამის შემდეგ დემნამ და დემნას ქმარმა, ლოიკ გომესმა, კანიეს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმეს.

აღსანიშნავია, რომ დემნა და კანიე ვესტი ერთმანეთთან დიდი ხანია მეგობრობენ და თანამშრომლობენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბალენსიაგას ჩვენება კანიე ვესტმა გახსნა.

ბოლო პერიოდში კანიე ვესტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რადგან საკუთარ ჩვენებაზე მაისური წარწერით "თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ეცვა.

ამავე თემაზე: