ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინულმა მხარემ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივი საფლავები აღმოაჩინა.

  • უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის — ბავშვები.
  • რუსეთი უარყოფს საკუთარ დანაშაულს და მასობრივ საფლავებზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

დეტალები: ხარკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სერგეი ბოლვინოვის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის: 226 ქალია, 260 კაცი, 19 ბავშვი.

  • 29 ცხედრის სქესი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
  • მისივე თქმით, რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია წამების 22 საკანიც.

იზიუმი: 16 სექტემბერს უკრაინის გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან ახლოს აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, სადაც 447 ცხედარი იყო.

  • ზელენსკის თქმით, იზიუმი პატარა ქალაქია და ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა.
  • მისივე თქმით, პირველ მასობრივ საფლავში მთელი ოჯახი იყო დაკრძალული, რომლებიც აწამეს და მოკლეს: "მოზარდები, კაცები და ქალები და პატარა ბავშვები თავებში ტყვიებით. მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი დაკარგული იყო".

საერთაშორისო გამოხმაურებები: აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ იზიუმში აღმოჩენილ სამარხს შემზარავი უწოდა.

  • ესტონეთის პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ იზიუმი არის რუსული ოკუპაციის სახე: "ქალაქები გადაიქცა მასობრივ სასაფლაოდ".
  • საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე.
  • საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს.