ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

  • 5 ოქტომბერს შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა, რომ სააკაშვილი ვერ იღებს საჭმელს და აქვს ტკივილები — მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ვივამედში გადაყვანის შემდეგ 20 კგ აქვს დაკლებული;

  • ნევროლოგი ოთარ თოიძე კი ამბობს, რომ მაღალია ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის განვითარების რისკი.

დეტალები: კობახიძე აცხადებს, რომ ერთ წელზე მეტია, რაც "ყოველდღიურ რეჟიმში" სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესებისა და სიკვდილის საფრთხეზე საუბრობენ.

  • "ერთი წელი მიდის ამაზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი. არავითარი საფუძველი არ აქვს. შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა ციხიდან. არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები";
  • "თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება და საავადმყოფო არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე და, რა თქმა უნდა, ეს ზრუნვა გაგრძელდება, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა".

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა პარამეტრი, რომელიც უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ადამიანის ჯანმრთელობის, ძალიან მძიმეა და ეს უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

  • "სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება სწორედ იმას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლებამ უზრუნველეყო, რომ დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტებს გაეკეთებინათ ის შეფასება, რომელიც არის აუცილებელი".
  • "მათ საზოგადოება კვებეს იმ პროპაგანდით, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ იმსახურებს რამე სახის შეშფოთებას, რაც არის ტყუილი".

არქივიდან: სააკაშვილმა შიმშილობა აქამდე ორჯერ გამოაცხადა. დაკავების შემდეგ დაწყებული 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

  • მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.