თამარ ლომინაძის განცხადებით, სტატუსი 5 სექტემბერს შეუჩერეს და იძულებული გახდა მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასულიყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სტუდენტი სეუ-ს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მისი განმარტებით, სტატუსის შეჩერების მიზეზი მისი პოსტი გახდა. როგორც თავად განმარტავს უნივერსიტეტი აპელირებს, რომ მან სეუ-ს პატივი და ღირსება შელახა.

  • "პოსტში ვამბობ, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში გამოხატვის უფლება არის დაბალ დონეზე, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მიწოდებს უსაქმურს. მან მითხრა, რომ არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში და მხოლოდ ამბიციები მაქვს".
  • აცხადებს, რომ პოსტი იდენტიფიცირების გარეშე დაწერა — "ვფიქრობ, გადაწყვეტილება არათუ არის უსამართლო, არამედ არის პრეცედენტიც იმისა, რომ ეს არის სამარცხვინო საქართველოს განათლების სისტემისთვის".
  • სტუდენტმა ბათუმელებს უთხრა, რომ უნივერსიტეტთან სამართლებრივ დავას აპირებს.

დეტალები: პოსტის დაწერამდე ლომიძე საკუთარი აზრი დააფიქსირა ერთ-ერთი სტუდენტის პოსტზე, რამაც უნივერსიტეტის რექტორის, გია კავთელიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

  • "ერთ-ერთმა სტუდენტმა დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ სხვა ყველა უნივერსიტეტის სტუდენტმა აღნიშნა გამოსაშვები საღამო და სეუ-ს სტუდენტებმა ეს ვერ გააკეთეს და თქვა, რომ "მაგარი ბანძები გამოვედით, სხვების ფონზეო".
  • "ამის სქრინი გამოაგზავნა ბატონმა გიამ საერთო ჩატში, სადაც სტიპენდიანტები არიან გაერთიანებული და დაწერა, რომ ვინც ასეთ კომენტარებს გააკეთებდა, ისინი გამოსაშვებს ვერ დაესწრებოდნენ", — უთხრა მან ფორმულას.
  • როგორც მედიასთან ამბობს, თანაკურსელის მხარდაჭერა სცადა და უნივერსიტეტს მოუწოდა პატივი ეცა სტუდენტების აზრისთვის. იხსენებს, რომ ამის გამო მას რექტორმა შეურაცხყოფა მიაყენა.

გარდა ამისა, სტუდენტი მაუწყებელს უყვება, რომ რექტორმა სხვა უნივერსიტეტში მობილობა "ურჩია".

  • სტუდენტის თქმით, რექტორს მისწერა, რომ არ აპირებდა სადმე გადასვლას, რადგან პროგრამა მოსწონდა, რაზეც უპასუხა — "მაგასაც ვნახავთ, თუ არ გადახვალ". სწორედ ამის შემდეგ დაწერა პოსტიც.
  • თამარ ლომინაძე მაუწყებელთან ამბობს იმასაც, რომ სტუდენტების აზრის კონტროლი, განსხვავებული მოსაზრების გამო შანტაჟი და მუქარა, უნივერსიტეტის რექტორატის მხრიდან ჩვეული პრაქტიკაა.

სეუ-ს განცხადებით, ეთიკის კომისიის მიერ თამარ ლომიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და უნივერსიტეტის რეგულაციებს.

  • უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ თამარ ლომიძის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის "ცალმხრივი და არაობიექტური", არ შეესაბამება მიმდინარე საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არსებულ მტკიცებულებებს.
  • "სტუდენტმა თავად დაადასტურა კომისიის წინაშე, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული საქმიანი რეპუტაციის შემლახავი საჯარო პოსტი იყო "პერსონიფიცირებადი და იდენტიფიცირებადი", რაც გახდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი".