სულ ცოტა ხნის წინ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2022 წლის ლაურეატი დასახელდა. ყველაზე პრესტიჟულ პრემიად აღიარებული ჯილდო ფრანგ მწერალს, ანი ერნოს, ერგო.

ერნოს პრიზი იმ "სიმამაცისა და ობიექტური გამჭრიახობისთვის გადაეცა, რომლის საშუალებითაც იგი ფესვებსა და განშორების საკითხებს უბრუნდება". ეს შეფასება ნიშანდობლივია, რადგან ფრანგ ავტორს მკითხველი ყველაზე მეტად ავტობიოგრაფიული ტექსტებით იცნობს.

მართალია, ქართველი მკითხველი ერნოს კარგად არ იცნობს, თუმცა, სულ მალე მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი — წლები — გამოქვეყნდება. ნაწარმოებს გამომცემლობა პალიტრა L თარგმნის და ის სერია ლიტერეს ფარგლებში გამოიცემა.

ფოტო: Wikimedia Commons

გასულ წელს ნობელის პრემია ტანზანიელ მწერალს, აბდულრაზაკ გურნას, გადაეცა.

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის დაარსებაც შვედი ქიმიკოსის ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. პრემია 1901 წლიდან გაიცემა ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის, მშვიდობისა და ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში. პრემიის მფლობელებს 9 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ, რაც, დაახლოებით, ერთ მილიონ დოლარს უდრის.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წინათ მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან ჰაინრიხ ბიოლი (1972), ჟოზე სარამაგუ (1998), მარიო ვარგას ლიოსა (2010) და სვეტლანა ალექსიევიჩი (2015).