სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".

აფხაზეთში მიმდინარე დებატების ფონზე, უნდა გადაეცეს თუ არა ბიჭვინთაში მდებარე აგარაკები რუსეთს, ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა სათქმელი ხმამაღლა გაეჟღერებინათ.

17 სექტემბერს მოძრაობა Hara H-Pitsunda-მ ("ჩვენი ბიჭვინთა") სოხუმის ქუჩებში აქცია გამართა და საბჭოთა კურორტის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტა.

მსვლელობა ჩუმად მიმდინარეობდა, მაგრამ მონაწილეების იდეებმა ხმამაღლა გაიჟღერა. ასობით ახალგაზრდამ სოხუმის ცენტრალურ ქუჩებში ტრანსპარანტებით ხელში ჩაიარა.

შეთანხმება 1995 წლით თარიღდება, როცა აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ბიჭვინთაში მდებარე აგარაკი 49 წლით გადასცა. შეთანხმება ასევე მოიცავდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე 186 ჰექტარი ტერიტორიასაც. ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში განახლდა, რამაც აქტივისტებსა და ლეგალურ ექსპერტებს კონტრაქტის კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩინა.

ქუჩის აქციების პარალელურად საპროტესტო კამპანია სოციალურ მედიაშიც მიმდინარეობს. აქტივისტმა ნაიდა აბიდოვამ OC Media-ს უთხრა, რომ აფხაზეთში მრავალი მხარდამჭერი ჰყავთ, თუმცა მათი ნაწილი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას უფრთხის.

"უამრავი ადამიანი გვამხნევებს. ზოგი ამბობს, რომ საჯაროდ ვერ შემოუერთდება პროტესტს, მაგრამ იდეებს იზიარებს. საკმაოდ დიდ რაოდენობაზეა საუბარი", — ამბობს აბიდოვა.

აქციაში მინიმუმ 100 აქტივისტი და სტუდენტი მონაწილეობდა

ფოტო: OC Media

არა მაინცდამაინც ანტირუსული

ეს Hara H-Pitsunda-ს მიერ ორგანიზებული მეორე აქციაა. მათ პირველ მსვლელობას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგიერთმა მედიამ კი პროტესტის ორგანიზატორებს "ბავშვები" უწოდა. აქტივისტები ამ შეფასებით არ გაღიზიანებულან, თუმცა გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან აბსოლუტურად ყველა მათგანი საარჩევნო ასაკზე დიდია.

"ჩვენი დიდი ნაწილი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, ან უკვე დასრულებული აქვს უნივერსიტეტი. ქმედითუნარიანი მოქალაქეები ვართ არჩევნებში მონაწილეობის უფლებით", — უთხრა აბიდოვამ OC Media-ს.

ზოგიერთი პოლიტიკოსი მოძრაობის დისკრედიტაციას იმ მოსაზრების გაჟღერებით ცდილობს, რომ აქტივისტებს გარკვეული "პოლიტიკური ძალები" უმაგრებენ ზურგს. აბიდოვა ხაზს უსვამს, რომ თითოეული წევრი დამოუკიდებელია და რომელიმე პოლიტიკური პარტიის, მოძრაობისა თუ ორგანიზაციის ეგიდით არ მოქმედებს. მისი თქმით, აქტივისტებს ერთი მიზანი ამოძრავებთ: აფხაზეთის დამოუკიდებლობის, მისი რესურსებისა თუ მემკვიდრეობის შენარჩუნება.

"ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და გვინდა, რომ მომავალ თაობებსაც ეს გადავცეთ, — ამბობს აბიდოვა, — "ჩვენ ვაფასებთ ტერიტორიებს, რომლებიც წინაპრებმა გაათავისუფლეს, ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ოპოზიციის სახელით ვაკეთებთ, ცდება".

აბიდოვა ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს პროტესტი ანტირუსული არაა. მათთვის ეს ქვეყნის შიდა საკითხისადმი მიმართული წინააღმდეგობაა. პროტესტის სამიზნეები ადგილობრივი მოხელეები არიან, რომელთაც შეეძლოთ ეს ტერიტორია საკუთრებაში შეენარჩუნებინათ, რადგან კონსტიტუცია უცხოელებისათვის ან არა-აფხაზური ინსტიტუციებისათვის მიწის მიყიდვას კრძალავს.

"ჩვენ გვიყვარს რუსეთი. ბევრი ჩვენგანი იქ სწავლობდა, ამიტომ არაა საჭირო ჩვენი ქცევების "ანტირუსულად" შეფუთვა. ასე არ ვუყურებთ საკითხს", — ამბობს აბიდოვა, – "მინდა მჯეროდეს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ადარდებთ თავიანთი ქვეყანა, არაფერი აქვთ შესაშინებელი, მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენს ღირებულებებს ბევრი იზიარებს. ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ცუდად ვერ წარმოჩინდება, რადგან სწორ პოზიციაზეა", — ამბობს ის.

ფოტო: OC Media

რას წარმოადგენს Hara H-Pitsunda?

ნაიდა აბიდოვა ადგილობრივი არქიტექტორისა და წიგნ ძველი სოხუმის ავტორის, ანზორ აგუმას შვილიშვილია. ანზორმა მთელი ცხოვრება სოხუმის ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და შენარჩუნებას მიუძღვნა.

აქტივისტებს შორის პოლიტიკოსების შვილებიც არიან. მოძრაობის ერთი წევრი აფხაზეთის პირველი დამოუკიდებელი ტელეარხის, აბაზა TV-ის აღმასრულებელი დირექტორის შვილია.

Hara H-Pitsunda-ს მრავალი წევრი აქამდე მოძრაობა #абхазияэтонегрузия (#აფხაზეთისაქართველოარაა)-ის ნაწილი იყო. ამ მოძრაობამ სტარტი ამ წლის მარტში აიღო მას შემდეგ, რაც ჩერქეზმა რეჟისორმა, კანტემირ ბალაგოვმა ახალი ტატუს ფოტო გამოაქვეყნა. ტატუ საქართველოს, უკრაინასა და რუსეთს ერთად გამოსახავდა და ამ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარების იდეას ატარებდა.

აფხაზების აზრით, ტატუ აფხაზეთს საქართველოს აკუთვნებდა, რამაც ახალგაზრდებში პროტესტი გამოიწვია.

Hara H-Pitsunda-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ალექსანდრა ბარგანძია ამბობს, რომ აფხაზეთის ადვოკატირებისთვის გაწეული ძალისხმევის შემდეგ მათთვის მოღალატეების იარლიყის მიწებება განსაკუთრებით მტკივნეულია.

"უამრავი რამ გავაკეთეთ, რომ აფხაზეთის შესახებ ცნობიერება აგვემაღლებინა, ახლა კი ცდილობენ, ჩვენი პროტესტის მიღმა სხვა მოტივები იპოვონ. ეს ძალიან გვწყინს და გვაბრაზებს", — ამბობს ალექსანდრა.

სოციალური მედიის პლატფორმებზე უმეტესად ანონიმური მომხმარებლები წერენ, რომ მოძრაობის ქმედებებს დასავლური გავლენა ეტყობა.

სეიდ გეზერდავა, ადვოკატი, რომელიც პროტესტში მონაწილეობს, ამბობს, რომ ხშირია მცდელობა, მოძრაობა განსხვავებულ შუქზე დახატონ, თუმცა ეს სანერვიულო არაა, რადგან ხალხის მხარდაჭერა უფრო და უფრო იზრდება.

აფხაზეთის "ახალგაზრდა ლიდერები"

23 სექტემბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთმანეთს აფხაზი და რუსი "ახალგაზრდა ლიდერები" შეხვდნენ.

ანონსის მიხედვით, შეხვედრა რეგიონში ახალგაზრდული ინიციატივების განხილვასა და რუს და აფხაზ ლიდერებს შორის კავშირების გაღრმავებას უნდა დასთმობოდა, თუმცა ამის ნაცვლად მთავარი სასაუბრო თემა ორი საათის განმავლობაში ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიკაცია იყო.

Hara H-Pitsunda-ს წევრები შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ, თუმცა არ დასწრებიან. "ახალგაზრდა ლიდერები" უმეტესად ცდილობდნენ, საკითხისადმი ნეიტრალურობა შეენარჩუნებინათ, რასაც ამ საკითხში შესაბამისი კვალიფიკაციის არარსებობით ხსნიდნენ. თუმცა მაგიდასთან შეთანხმების ოპონენტებიც ისხდნენ. მათი ნაწილი ბიჭვინთის ფიჭვების ბედით იყო შეშფოთებული (ეს სახეობა მხოლოდ ამ რეგიონშია გავრცელებული), სხვები კი კურორტის "აფხაზურად" დარჩენის საჭიროებას უსვამდნენ ხაზს.

შეხვედრის დროს ნარტ დბარმა, ახალგაზრდული ორგანიზაცია Apeipsh-ის წევრმა თქვა, რომ აფხაზურმა მხარემ ეს საკითხი უფრო პრაგმატულად უნდა განიხილოს და საკუთარ ინტერესებზე დაფიქრდეს, რადგან, მისი აზრით, რუსეთს მხოლოდ საკუთარი პოზიციები აინტერესებს.

"რუსეთს აქ სამხედრო ბაზები ჩვენი თვალების საამებლად არ აქვს", — თქვა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ინტერესებიც აფხაზეთის ინტერესებს სრულად ემთხვევა, შესაბამისად სტრატეგიულ პარტნიორთან დათმობებზე წასვლა აუცილებელია.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.