1373 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი, რომელიც ევროპასა და ეგვიპტეს ერთმანეთთან აკავშირებს, როგორც ამბობენ, რუსეთის უკრაინასთან ომის ფონზე, ევროპას ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

წყალქვეშა კაბელი ჩრდილოეთ ეგვიპტიდან ატიკამდე (საბერძნეთი) შეძლებს 3000 მეგავატი ელექტროენერგიის გადატანას, რაც საკმარისია 450 000-მდე სახლისთვის, ნათქვამია Euronews-ის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

პროექტს ახორციელებს Copelouzos Group, საბერძნეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურის ინვესტორი, რომელიც შეხვდა ეგვიპტის ოფიციალურ პირებს სექტემბერში, რათა პროცესი დაეჩქარებინა.

"საბერძნეთის გავლით ევროპაში 3000 მეგავატი სუფთა ელექტროენერგიის შემოტანით, ჩვენ ვეხმარებით ევროპას, თავი აარიდოს რუსეთის წიაღისეულ საწვავსა და ბუნებრივ აირს", — განუცხადა Euronews-ს Copelouzos Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იოანის კარიდასმა. "ასევე, მწვანე ელექტროენერგია, რომელსაც ჩვენ გადავიტანთ, გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე დღევანდელი ელექტროენერგიის ფასი. ეს დაეხმარება როგორც ბერძენ, ასევე ევროპელ მომხმარებლებს."

პროექტი სახელწოდებით "GREGY interconnection" სავარაუდოდ 3.5 მილიარდი ევრო დაჯდება და ევროკავშირმა (EU) ის დაასახელა საერთო ინტერესის პროექტების (PCI) მთავარ პრიორიტეტად.

წყალქვეშა კაბელების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებულია ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან, პროექტი ხელს შეუწყობს ეგვიპტესა და აფრიკის სხვა ქვეყნებში გამომუშავებული განახლებადი ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირებას.

ფოტო: Interesting Engineering

"დაახლოებით ერთი მესამედი მოხმარებული იქნება საბერძნეთში და, ძირითადად, ბერძნულ მრეწველობაში, მეორე მესამედი ექსპორტზე გავა მეზობელ ევროპულ ქვეყნებში, დანარჩენი კი გამოყენებული იქნება მწვანე წყალბადის წარმოებისთვის", — განაცხადა კარიდასმა. "ამ წყალბადის დიდი ნაწილიც, ასევე მეზობელ ევროპულ ქვეყნებში გავა ექსპორტზე."

ეგვიპტემ უკვე დაასრულა ურთიერთდამაკავშირებელი პროექტები ლიბიასთან, სუდანსა და საუდის არაბეთთან. არაბული ქვეყანა ისწრაფვის, გახდეს მთავარი ენერგეტიკული ცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი პროექტი კი შვიდიდან რვა წლამდე პერიოდში დასრულდება.

ევროპის ენერგოკრიზისი და მომავალი ზამთარი

ევროპაში მოახლოებული მკაცრი ზამთრის გამო შეშფოთება გაძლიერდა გაზის რეკორდულად მაღალი ფასებითა და მიწოდების შემცირებით. უკრაინის ომი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ბუნებრივი აირის მიწოდება, რომელსაც კონტინენტი წლების განმავლობაში ეყრდნობოდა, რუსეთმა შეაჩერა. ევროკავშირში მოხმარებული გაზის დაახლოებით 40% მილსადენებით რუსეთიდან მოდიოდა, ახლა კი ამ გაზის რაოდენობა 75%-ით შემცირდა.

TurkStream-ის მილსადენი კვლავ საშუალებას აძლევს რუსეთს, გაზი ექსპორტზე გაიტანოს უკრაინაში, თურქეთსა და შავ ზღვაში, მაგრამ სრული გათიშვის შესაძლებლობა იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე ბევრი მოელოდა. რუსეთმა ადრე აღნიშნა, რომ ეს დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ბუნებრივი შედეგია.

"ევროპას ბუნებრივი რესურსების არავითარი მარაგი არ აქვს", — განუცხადა Al Jazeera-ს ადამ პანკრაცმა, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის საუდერის ბიზნესის სკოლის პროფესორმა. "მათ გადაწყვიტეს, რომ შორს დაეჭირათ თავი წიაღისეული საწვავისგან და არ გაებურღათ საკუთარი ბუნებრივი რესურსები. ევროპას რეალურად ბევრი გაზი აქვს, მაგრამ მის მოპოვებას არ აპირებენ, ამიტომ დამოკიდებულები გახდნენ იმპორტირებულ რუსულ გაზსა და ნავთობზე, და ახლა, როდესაც ისინი შეწყდა, ევროპას სარეზერვო გეგმა არ აქვს."

ევროპისთვის, რომელიც ენერგოკრიზისის მოსაგვარებლად და მოსახლეობის დასამშვიდებლად გეგმის შემუშავებას ცდილობს, გადაწყვეტილების განსახორციელებლად საჭირო დრო ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა.