პროკურატურის განცხადებით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

გიორგი შაქარაშვილის საქმე: 2020 წლის 19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მისი ცხედარი მდინარე არაგვში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

  • რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ბრალდებული დააკავეს, ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე წარედგინათ.
  • როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდა.
  • სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია, წყალში დახრჩობა გახდა. ამავე დასკვნის თანახმად, გარდაცვალებამდე მას მკვრივი/ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება: მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა), ერთი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე სამივე პირს საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით, ხოლო ერთს — 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გარდა ამისა, ორი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

  • მათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები და მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი ძალაში უცვლელად დარჩა.