ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ან ადგილზე ადრეც ყოფილხართ? ეს დეჟავუა, უჩვეულო მდგომარეობა, რომლის ამოხსნასაც ფილოსოფოსები, ნევროლოგები თუ ფსიქოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. თავად სიტყვა ფრანგულია და "უკვე ნანახს ნიშნავს".

1800-იანი წლების ბოლოს დეჟავუს გამომწვევი სავარაუდო მიზეზების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაჟღერდა, მათ შორის ამას მენტალურ დისფუნქციას, ტვინში არსებულ პრობლემას ან მეხსიერების დროებით "ჩავარდნას" მიაწერდნენ. აღნიშნულმა საკითხმა მეცნიერების სფეროში საკმაოდ გვიან გადმოინაცვლა.

პარანორმალურობიდან მეცნიერულობამდე

მიმდინარე დეკადის დასაწყისში მეცნიერმა ალან ბრაუნმა გადაწყვიტა, დეჟავუს შესახებ იმ დრომდე დაწერილი მასალა გაეანალიზებინა. მან დაადგინა, რომ ამ ფენომენს უმეტესად ზებუნებრივ მოვლენად განიხილავდნენ, ზოგი კვლევა კი ადამიანთა გამოცდილებებს აღწერდა. სხვადასხვა ნაშრომის შეჯამების გზით, მან რამდენიმე ძირეული დასკვნა გამოიტანა.

ასევე, იხილეთ: რა არის ჟამევუ? — დეჟავუს "ბოროტი ტყუპისცალი"

კერძოდ, ის, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე დეჟავუს ადამიანთა დაახლოებით 2/3 განიცდის. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი ყველაზე ხშირად სიტუაცია ან ადგილია, შემდე კი — საუბარი. ბრაუნმა უკანასკნელ საუკუნეში გამოქვეყნებულ სამედიცინო ლიტერატურაში დეჟავუსა და ტვინში მიმდინარე გარკვეულ პროცესებს შორის სავარაუდო კავშირის გამოძებნაც სცადა.

მისმა წიგნმა მეცნიერების მიერ ამ საკითხის აქტიურად, ექსპერიმენტულად კვლევას დაუდო საფუძველი.

დეჟავუს გამოცდა ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში

კოლორადოს შტატის უნივერსიტეტში მომუშავე კოგნიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, ენ კლერი გვიყვება, რომ ბრაუნის შრომის საფუძველზე, მისმა გუნდმა დეჟავუს უკან მდგარი მექანიზმების გასარკვევად ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო.

მათ გამოცადეს თითქმის საუკუნოვანი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც დეჟავუს შესაძლოა, ადრე და ახლა ნახული სიტუაციის სივრცითი მსგავსება იწვევდეს, რასაც "გეშტალტ ნაცნობობის" ჰიპოთეზა ეწოდება. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ კონკრეტულ საავადმყოფოში პირველად ხართ, მაგრამ იქ არსებული ობიექტების სივრცითი განლაგება ძალიან ჰგავს წარსულში ნანახ სხვა სურათს, რომელიც მეხსიერებაშია დალექილი.

ზემოხსენებული ჰიპოთეზის მიხედვით, თუ ვერ გაიხსენებთ, რას გაგონებთ სიტუაცია, რომელშიც იმყოფებით, ნაცნობობის ძლიერი განცდა გაგიჩნდებათ. ეს მეცნიერებმა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით შეამოწმეს და გაარკვიეს, რომ კვლევაში მონაწილეები დეჟავუს მაშინ გრძნობდნენ, როცა უკვე ნანახ სივრცით განლაგებას ხედავდნენ, მაგრამ ვერ აღიდგენდნენ.

ეს არ ნიშნავს, რომ ამას სხვა ფაქტორები არ უწყობს ხელს, თუმცა მათ გამოსავლენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.