საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატისა და ახლა უკვე ანტიდასავლური მოძრაობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯაფარიძემ მმართველი პარტია გუშინ, 4 ოქტომბერს დატოვა და ანტიდასავლურ მოძრაობას შეუერთდა.

  • იმავე დღეს მან POSTV-ის 52%-იანი წილი იყიდა.
  • ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ოჯახის ქონება: ანგარიშში, როგორც თავად ჯაფარიძის, ასევე, მისი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობებია მიმოხილული.

  • ნათქვამია, რომ ყოფილი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები მთლიანობაში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან და არაერთ ქონებას ფლობენ მესტიასა და თბილისში — მათ შორის ორ სასტუმროს.
  • მათი თქმით, ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს.

პოლიტიკური შეწირულობები: დოკუმენტის თანახმად, 2012-2017 წლებში ყოფილმა დეპუტატმა ქართულ ოცნებას ოთხჯერ, ჯამში 120 ათასი ლარი შესწირა.

  • მისმა ცოლმა, ნათია ხვისტანმა 2017 წელს 55 ათასი ლარი ქართულ ოცნებას, 2018 წელს კი 50 ათასი ლარი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შესწირა.
  • TI-ში, ასევე, ამბობენ, რომ ჯაფარიძის, ხვისტანისა და ყოფილი დეპუტატის შვილის, ოთახ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორებიც მსხვილი შემომწირველები არიან და მათ 2012 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას 468 ათასი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 65 ათასი შესწირეს.

ხარვეზები დეკლარაციაში: ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2021 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჯაფარიძემ მხოლოდ ცოლი და ერთი შვილი მიუთითა.

  • TI-ის განმარტებით, მან კანონი ორ ნაწილში დაარღვია — კერძო, არ ასახა, რომ ის შპს სეტის პლუსის (სასტუმრო Posta Hotel) 33,3%-იან წილს ფლობს.
  • არადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებით დგინდება, რომ შპს-მ 2019-21 წლებში ჯამში 2 623 751 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც სრული მოგება 768 759 ლარი იყო.
  • "სავარაუდოა, რომ ვიქტორ ჯაფარიძეს შემოსავალი აქვს სასტუმროდანაც, თუმცა მას არც ეს ინფორმაცია აქვს დეკლარირებული. სეტი პლუსიდან მიღებული შემოსავალი არც წინა, 2020 წლის დეკლარაციაში არ აუსახავს".
  • ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯაფარიძისა და მისი ცოლის საკუთრებაში არსებული 10 სხვადასხვა უძრავი ქონებიდან დეკლარაციაში მხოლოდ ორი ასახა.

ნათესავები საჯარო სამსახურში: ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჯარო სამსახურში ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული.

  • მათი ცნობით, ეკატერინე ჯაფარიძე, "ოცნების" ყოფილი წევრის შვილი, მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელია;
  • ნელი ნავერიანი, ჯაფარიძის ბიძაშვილის ცოლი მესტიის მერიის მოადგილეა;
  • მაიზერ ჯაფარიძე, მისი ძმის შვილი, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეა;
  • სოფიო ჩხვიმიანი, ჯაფარიძის ბიძაშვილის ცოლი მესტიის მერიის სოციალური სამსახურის უფროსია;
  • ჯაფარიძის ბიძაშვილის შვილი, დისშვილი მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეა;

TI სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლონ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა ეს კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

  • ასევე, მიმართავენ საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაციებში მითითებული მონაცემები, არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.