ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლური მოძრაობის ახალმა წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52%-იანი წილი იყიდა.

  • ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქართული ოცნებიდან წასულმა საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელმა განცხადება გააკეთეს;
  • მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, თანამდებობის პირი, მათ შორის პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მაუწყებლობის სფეროში არ შეიძლება ფლობდნენ ლიცენზიას ან იყვნენ ავტორიზებული პირები.

კოალიციის განცხადებით, დეპუტატის მიერ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი, რომელიც 2016 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია იბერიის მფლობელების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი წევრის ზაზა ოქუაშვილის და საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაადგინა.

  • მაშინ ოქუაშვილმა და ჩხეიძემ TV იბერიას წილები შვილებს აჩუქეს;
  • "ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ წილს სამართავად მინდობილ პირს გადასცემს. თუმცა კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მას ეკრძალება არა მხოლოდ ტელევიზიის წილის მართვა, არამედ საკუთრებაში ფლობა", — წერს კოალიცია.

POSTV ამბობს, რომ ხალხის ძალას "ღიად და აქტიურად" დაუჭერენ მხარს, რადგან ხალხის ძალის მიზანი არხის შექმნის იდეას ემთხვევა.

  • "არხი დღეიდან ხდება მოძრაობა ხალხის ძალას მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი";
  • "არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა".