ექსტრემიზმის პროგრამის უმცროსი მკვლევარი, ბენეტ კლიფორდი Twitter-ზე ინფორმაციასთან ერთად ფოტოსაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ქართველი მხარდამჭერები პირდაპირ ემუქრებიან საქართველოში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს.

ფოტოზე გამოსახულ პირებს შორის არიან საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მთავარი მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე.

როგორც ბენეტ კლიფორდი On.ge-სთან საუბარში ამბობს, მუქარის შემცველი ფოტო ერთ-ერთ მესენჯერში, კერძოდ, ტელეგრამში შექმნილი არხით გავრცელდა. მისი თქმით, არხის მიზანი ISIS-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და მათი პროპაგანდისტული განცხადებების ქართულ ენაზე გავრცელებაა. აღნიშნული არხი ტელეგრამზე დახურულია და მისი ნახვა შეუძლებელია წევრობის გარეშე. აღნიშნული ქსელში არსებული ინფორმაციის ფოტოასლი კლიფორდმა On.ge-ს მიაწოდა.

ფოტო: On.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ის განუცხადეს, რომ ისინი ინფორმირებულნი არიან მუქარის შესახებ და ეს მუქარის პირველი შემთხვევა არაა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის შესახებაც დამატებით დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

მუქარის ერთ-ერთმა ადრესატმა, მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ, On.ge-სთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის ეს არასერიოზული ფაქტია და მსგავსი მუქარა ადრეც მიუღია:

"ვისაც რაიმე აქვს გასაკეთებელი, ის ფოტოებით კი არ გაავრცელებს მუქარას, არამედ პრაქტიკულად განახორციელებს, თუმცა მე არც მაგის მეშინია. ადრე სირიის ვიდეოც გამოქვეყნდა, მაშინ სერიოზულად გავაპროტესტე და ხელისუფლებას მოვუწოდე რომ სწორი ქმედებები განეხორციელებინა მუსლიმი თემისადმი. ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული ფაქტი. მთავარია მე რას ვაკეთებ და როგორ შევძლებ იმის გაკეთებას, რომ ასეთი მანიპულაციით არ გადაიბიროს ვინმემ ჩვენი ახალგაზრდობა".