დღეს დონალდ ტრამპი პაპ ფრანცისკეს შეხვდა. განსხვავებული შეხედულებებისა და კონტრასტული სტილის მქონე ორი ლიდერის შეხვედრა, ვატიკანში შედგა, სადაც მათ საერთაშორისო მშვიდობაზე ისაუბრეს.

დონალდ ტრამპი რომის პაპს მელანია ტრამპთან ერთად შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდა ტრამპის მრჩეველი და შვილი ივანკა ტრამპიც და მისი ქმარი ჯარედ კუშნერი.

რომის პაპმა დონალდ ტრამპს მშვიდობის სიმბოლოდ მედალი აჩუქა, რომელზეც ზეთისხილის რტო იყო გამოსახული.

"ჩვენ შეგვიძლია მშვიდობის გამოყენება" - უპასუხა ტრამპმა პაპს, საჩუქრის მიღებისას.

ტრამპმა პაპს ასევე უთხრა, რომ ეს შეხვედრა მისთვის დიდი პატივი იყო. ამის შემდეგ, ლიდერების პირადი შეხვედრა დაიწყო, რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა.

რომის პაპი ფრანცისკე და დონალდ ტრამპი ვატიკანში. 2017 წლის 24 მაისი.

ფოტო: AFP / Getty

ამერიკის პრეზიდენტი და რომის პაპი ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებდნენ. ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრაა. როგორც AP იუწყება, ტრამპის მიღებისას პაპი ფრანცისკე ნაკლებად იღიმოდა, თუმცა ვატიკანის ლიდერი აშშ-ს პირველ ლედის, მელანია ტრამპს, თბილად შეხვდა.

"რას აჭმევ ხოლმე მას [დონალდ ტრამპს], პოტიზას?" - ღიმილით ჰკითხა პაპმა მელანიას სლოვენიურ დესერტზე, რაზეც მელანია ასევე ღიმილით დაეთანხმა.

რომის პაპის პატივსაცემად, აშშ-ს პირველ ლედისა და ივანკა ტრამპს თმები თავსაბურავებით ჰქონდათ დაფარული. პატივისცემის ეს ჟესტი მათ საუდის არაბეთში არ გამოუყენებიათ.

ივანკა ტრამპი და მელანია ტრამპი რომის პაპთან შეხვედრისას. 2017 წლის 24 მაისი. ვატიკანი.

ფოტო: Alessandra Tarantino/EPA