ახლახან პარიზში ასტრონავტიკის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, სადაც ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ ღრმა კოსმოსის კვლევისა და მთვარის მისიებისთვის ახალ პარტნიორებს ეძებენ.

რაც მთავარია, მათ რუსეთი საერთოდ არ უხსენებიათ, რომელთან ერთადაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ბაზის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ ქვეყნები 2021 წლის მარტში შეთანხმდნენ, თუმცა შესაძლოა, ეს ალიანსი დაშლის პირას იყოს. აღსანიშნავია, რომ კონგრესს აგრესორი სახელმწიფოდან არ ესწრებოდნენ, შეზღუდვა უკრაინაში მათი შეჭრითაა გამოწვეული.

SpaceNews-ის ინფორმაციით, მთვარის საერთაშორისო კვლევითი სადგური (ILRS) ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ პროექტად განიხილებოდა, მაგრამ ამჯერად ღონისძიებაზე ეს არ აღუნიშნავთ. ქვეყანაზე ერთადერთი ირიბი მინიშნება მხოლოდ სლაიდში ჩასმული რუსული ხომალდები იყო.

ფოტო: CNSA

"იქნება ეს კოსმოსი თუ სხვა ადგილი, ჩინეთი რუსეთს საკმაოდ რეალისტურად აღიქვამს. პეკინისთვის მოსკოვთან თანამშრომლობა პრიორიტეტული არასდროს ყოფილა, რადგან ამ ორ ქვეყანას ბუნებრივი პარტნიორობა არ აკავშირებს", — აცხადებს ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე მარკო ალიბერტი.

"წინსვლის პროცესში პეკინი, თითქოს, უკვე დილემის წინაშეა: ეს ურთიერთობა ნამდვილ პარტნიორობაში გადაზარდოს თუ მასზე ხელი აიღოს", — ამბობს ის.

ძნელი სათქმელია, რას მიეწერება ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მსგავსი თავშეკავება — პარტნიორებს შორის ურთიერთობის ცვლილებას თუ პოლიტიკურ კონტექსტს. ალბათ, ამას მომავალი გვიჩვენებს, რადგან მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიების განხორციელება 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვისაა მოსალოდნელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.