ავსტრალიელი რეჟისორის, ენდრიუ დომინიკის, ბიოგრაფიული ფილმი Blonde, რომელიც მერილინ მონროს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კინოსურათია. მე-20 საუკუნის ჰოლივუდის ვარსკვლავის შესახებ შექმნილი დრამატული ნამუშევარი ნეტფლიქსზე გამოშვებისთანავე ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა, ვენეციის კინოფესტივალზე ჩვენების დამთავრების შემდეგ კი დარბაზი 14 წუთის განმავლობაში ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.

თუმცა, ბევრი კრიტიკოსი და მაყურებელი Blonde-ით აღფრთოვანებას არ იზიარებს. მეტიც, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ფილმი, სადაც მთავარ როლს წარმოშობით კუბელი ანა დე არმასი ასრულებს, "სექსისტური" და "საძაგელი" ნამუშევარია.

"იმის გათვალისწინებით, რომ მერილინ მონროს ცხოვრების 36 წლის განმავლობაში უამრავი დამცირებისა და საშინელების ატანა მოუხდა, შვებისმომგვრელია, რომ უახლესი ნეკროფილური გასართობისა და მისი ექსპლუატატორი ფილმის, Blonde-ის ვულგარულობას არ მოესწრო", — წერს The New York Times-ის კინოკრიტიკოსი, მანოლა დარგისი.

დომინიკის ფილმი ამერიკელი მწერლის, ჯოის ქეროლ ოუტსის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და ჰოლივუდის ლეგენდის ცხოვრებასა და კარიერაში მომხდარ ტრაგიკულ ამბებს ასახავს; მათ შორის, დედის მხრიდან ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას კინოინდუსტრიაში. მართალია, ანა დე არმასის შესრულებულმა როლმა მოწონება დაიმსახურა, თუმცა, ფილმი თემების არასწორად ასახვისთვის კიდევ ბევრმა გააკრიტიკა.

ფოტო: Netflix

"საშინლად არ გამიმართლა და წუხელ ნეტფლიქსზე Blonde-ს ვუყურე", — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი, სტეფ ჰეროლდი, — "მინდა, გითხრათ, რომ ეს ფილმი აბორტის საწინააღმდეგო, სექსისტურ და ექსპლუატაციურ ნარატივს შეიცავს. არანაირად არ გირჩევთ მის ყურებას. განსაკუთრებით საშინელი სწორედ აბორტის სცენებია, თუმცა, მთელი ფილმიც ასეთია".

The Los Angeles Times-ის კინოკრიტიკოსი ჯასტინ ჩენგი ასევე ამატებს, რომ "ფილმი მერილინ მონროზე კი არაა, მის დატანჯვაზეა".

The New Yorker-ის მიმომხილველი რიჩარდ ბროდი კი ამბობს, რომ Blonde მერილინ მონროსთვის ქრისტეს ვნებანია.

"ფილმის ერთადერთი აზრი ისაა, რომ მონრო მსხვერპლი იყო და მისი გამუდმებით მსხვერპლად ქცევით ბედნიერიცაა".

ფოტო: Netflix

"იქნებ მიზოგინ კაცებს აღარ მივცეთ საშუალება, გადაიღონ ფილმი ქალებზე, რომლებზეც საერთოდ არაფერი იციან", — წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

მიზოგინია ფილმის კრიტიკოსების კიდევ ერთი ბრალდებაა. მათი აზრით, Blonde რეალური ისტორიული ფიგურის სექსუალიზებას და ქალის განცდილი ტკივილის ფეტიშიზაციას ემსახურება. ამას ეთანხმება ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ემილი რატაკოვსკიც.

"სულაც არ მიკვირს, რომ ეს მორიგი ფილმია, სადაც ქალის ტკივილი ფეტიშირებულია, სიკვდილშიც კი", — ამბობს რატაკოვსკი, — "ამას ხომ ბევრნაირად ვაკეთებთ ჩვენ.

"შეხედეთ ემი ვაინჰაუსს, ბრიტნი სპირსს, შეხედეთ, როგორ ვართ შეპყრობილები პრინცესა დაიანას სიკვდილით", — ამატებს მსახიობი და აღნიშნავს, რომ სერიული მკვლელების ისტორიებით გატაცება და მათზე გადაღებული ფილმებიც სწორედ ამას მოწმობს.