სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

ჩემი დრეგი არის აქტივისტური დრეგი და ის ყოველთვის პოლიტიკურია, ყოველთვის არის მიმართული კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის, პატრიარქატის და კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვცდილობ, ჩემი შოუებით გავზარდო სხეულის მიმღებლობის პოლიტიკა და ვაჩვენო ადამიანებს, რომ არ არის აუცილებელი, ყველა ქვინის სხეული აკმაყოფილებდეს საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს. დრეგი იძლევა საშუალებას, რომ არა მარტო კორსეტშემოჭერილმა, გაპარსულმა და გაპრანჭულმა აკეთო შოუები, არამედ იყო ბებერი ქვინი, რომელსაც სახლში რვა კატა ჰყავს და მეზობლის ბავშვებს ეჩხუბება. ასეთია ჩემი დრეგ პერსონა.

არ უნდა გაგიკვირდეთ, შოუს დროს წყალი თუ შემოგასხით, ან ტრაკზე წამოგარტყით, ან გაგლოღნეთ. თუ მოდიხარ ჩემს შოუზე, მზად უნდა იყო, რომ საყურეს დაკარგავ. თუ ფიქრობდი, რომ "ამას ვინ გაბედავდა", კი, ყველაფერსაც გავბედავ.

პროტესტი, როგორც ხელოვნება და პირველი შეხება დრეგთან

ფოტო: Not So Virgin Mary / Instagram

ნებისმიერი სახის აქტივიზმი ჩემთვის არის ხელოვნება, სწორედ ამიტომ დრეგსაც ყოველთვის ხელოვნებად მოვიაზრებ. ის ჩემთვის Performance art-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ფორმაა, რომელიც ძალიან მრავლისმომცველია. მისი საზღვრები ამოუწურავია და გაძლევს ძალიან ბევრის საშუალებას და პერსპექტივას, ოღონდ უნდა ხვდებოდე, რა არის ქვიარ ესთეტიკა. საერთოდ, ჰეტერონორმატიული პერფორმანს არტი ჩემთვის ცოტა დრომოჭმულია, ძალიან იშვიათად თუ "გაუვარდება" ვინმეს რამე ღირებული. დანარჩენ შემთხვევებში, ის არის პერფორმანსი პერფორმანსისთვის. ქვიარ კულტურა ძალიან სპეციფიკური რამეა და თუ მას კარგად არ იცნობ, სთრეითვოშინგის მცდელობები სრულიად უაზროა.

მე რომ მკითხო, დრეგთან ჩემი პირველი შეხება 8 მარტს, პარლამენტის კიბეებზე შედგა, როცა რუპორით წარმოვთქვი სიტყვა და მერე ჩემი ფრაზა: "ჩემი ფუჩუ ჩემი არჩევანია", უამრავმა ადამიანმა აიტაცა. დღემდე ციტირებენ და ჩემი აზრით ეგ არის ნამდვილი დრეგი. პირველი დრეგ შეჯიბრება თანასწორობის მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და რა თქმა უნდა, დავმარცხდი, რადგან კიდევ ერთმა დრეგ ქვინმა, Sofia McQueen-მა ამიღო და ჩემით იატაკი მოწმინდა (იცინის). მე, რა თქმა უნდა, არც გავბრაზდი ამაზე, პირიქით — ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმდენად კარგად გააკეთა ეს ყველაფერი და ისეთი კარგი სანახავი იყო.

დაღლილი ქვინი სიწმინდეების წინააღმდეგ და ქართული ქემპი

ჩემი დრეგ პერსონაჟი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ჩემგან, არის საზოგადოებისგან და ტრადიციული მართლმადიდებლური წარმოდგენებისგან ძალიან, ძალიან, ძალიან დაღლილი ქვინი, რომელსაც ერთადერთი ისღა დარჩენია, რომ გადათელოს ყველაფერი, რაც წმინდაა: ჯვრები, წმინდანები, ხატები და ა.შ.

Not So Virgin Mary მეგობრებთან საუბრის დროს გაჩნდა. წმინდანებზე და ღვთისმშობელზე წამოიჭრა თემა და რადგანაც მარიამი მქვია, ვთქვი, მე ქალწულისგან ყველაზე შორს მდგომი წმინდანი ვარ-მეთქი.

ძალიან მეცინება, როცა ჩემს მთავარ ინსპირაციებზე ვფიქრობ. როგორც წესი, როცა მეგობარ ქვინებთან ვსაუბრობ ამ თემაზე, ყველა იხსენებს სახელოვან ქვინებს: დივაინს, რუპოლს, ლეიდი ბანს და როცა ჩემზე მიდგება საქმე, ვერკა სერდუჩკა მახსენდება. დრეგი პირველად ვერკა სერდუჩკას შესრულებით ვნახე და თუ ვინმეს შეიძლება ჩემი Drag Mother დავარქვა, ეს არის ვერკა სერდიუჩკა. თრეშ კულტურა ჩემი დრეგის მთავარი წყაროა.

ჩემი შოუების შეფასებისას ყველაზე სწორი სიტყვა არის Camp. შოუების დროს შეიძლება ვიყო გაბრაზებული, კარგ ხასიათზე, ძალიან სექსუალური და გამომწვევი, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი იქნება ძალიან მხიარული და სანახაობრივი.

Camp არის სატირაში გაერთიანებული პოლიტიკური პროტესტი. სამეფო კარზე კლოუნები იყვნენ ასეთი ადამიანები — მასხარები, რომლებიც საზარელ რეალობას აჩვენებდნენ ყველაზე სასაცილო და მხიარული გზით.

დედოფლობა, როგორც იდენტობის ნაწილი

ფოტო: Not So Virgin Mary / Instagram

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ დრეგს არ გააჩნია საზღვრები, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც არსებობს პატარა წესები. პირველი და ყველაზე მთავარი — არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად. საკუთარ თავს თუ არ დასცინი სხვების დასაცინი გახდები. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი — რაღაც აუცილებლად გქონდეს სათქმელი, უბრალოდ ლამაზი საკმარისი არ არის. მესამე არის ის, რომ სუნთქავ — ფული მოითხოვე, აცემინებ — ფული მოითხოვე, თმა გადაიწიე — ფული მოითხოვე, უფასოდ არასდროს არაფერი გააკეთო, ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ ქვინი ხარ, დედოფალი ხარ და შენი ადგილი უნდა იცოდე. მაგრამ თან უნდა გახსოვდეს, რომ მარტო შენ არ ხარ ქვინი, ბევრი ქვინია და ყველასთვის არსებობს საკმარისი ადგილი.

პერფორმანსებისთვის მომზადება იწყება კონცეფციის ძებნით. არსებობს თემატიკა და ვცდილობ, მის გარშემო შევკრა ამბავი. ამას მოჰყვება სამგორის მეორადები და მეიქაფ არტისტის ძებნა, რადგან ძალიან ცუდი ხელი მაქვს და დამოუკიდებლად მაკიაჟის გაკეთება არ შემიძლია. მერე მოდის კოსტიუმის ჯერი. შოუების გაკეთების წინ ჩემი მეგობარი და რეჟისორი სალომე ბაუერი მეხმარება, რომელიც თავის იდეებსაც მაწოდებს. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაიგნორებ და ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა. ასე შეიქმნა უზარმაზარი ვაგინის ინსტალაცია Tbilisi Pride Fest-ისთვის. შემდეგი ეტაპია პერფორმანსის მომზადება, ადგილზე მისვლა, სცენის და განათების ნახვა. მერე ვარჯიშები და ბოლოს აღმოჩნდება, რომ არც სცენაა, არც განათება. მერე გულის შეტევა, ყველაფრის შეცვლა, გადაწყობა (იცინის).

მეიქაფს რომ გიკეთებენ, სულ სხვა ადამიანი იბადები. თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი) მიერ ორგანიზებულ პირველ Drag Ball-ზე, მახსოვს, რომ მაკიაჟის გაკეთების შემდეგ ძალიან ვიჩხუბე, თან სრულიად უმიზეზოდ და მეორე დღეს ბოდიშებს ვიხდიდი. ნამდვილი ქვინივით მოვიქეცი, აღარ მახსოვდა არაფერი… ტრანსფორმაციის შემდეგ მართლა დედოფლად იქცევი, სხვანაირი ხდები — არ მომეკარო, გამატარე, ფოტოს გადაღება გინდა? რიგში ჩადექი და 20 ლარი მოამზადე.

არც ისე ქალწული მარიამი დრეგის მიღმა და ლგბტქ+ საზოგადოება, რომელსაც ვეღარაფერი შეაჩერებს

ფოტო: Not So Virgin Mary / Instagram

დრეგის მიღმაც დაახლოებით იგივე ადამიანი ვარ, უბრალოდ, ამხელა თავდაჯერება და უტაქტობა არ მაქვს, უფრო ზრდილობიანი ვარ. იმისთვის, რომ ვიარსებო, მიწევს ფრილანსერად მუშაობა. დიდი განსხვავება არ არის ჩემსა და ჩემს დრეგ პერსონას შორის. პატრიარქალურ, ორთოდოქსულ სამყაროში შენი იდენტობა უკვე არის პროტესტის ერთგვარი ფორმა — ის, რომ ქალი ხარ, ფეხებს არ იპარსავ, ქუჩაში გადიხარ ლიფის გარეშე, უკვე პერფორმანსია და გადადიხარ თავდაცვით რეჟიმში. იგივე ვრცელდება ფემინურ გეებზე, ტრანს ქალეზე, ბუჩ ლესბოსელებზე და ა.შ.

დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ ლგბტქ+ თემი გაიზარდა და მზად არის რაღაც თემებზე თამამად და საჯაროდ საუბრისთვის. 2013 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, გაჩუმებას აღარ ვაპირებთ და გასაგებია რატომაც. 5-მა ივლისმაც კი ვერ გაგვაჩუმა და მაინც ვაგრძელებთ განვითარებას. იგივე ვრცელდება დრეგზეც. მის გარშემო არსებული განსაკუთრებული ინტერესი კი იმით არის გამოწვეული, რომ თანამედროვე ხელოვნებაში უკვე თითქმის აღარაფერი დარჩა ჰეტერო, ყველაფერი არის გეი და ადამიანებს ნელ-ნელა ამასთან შეგუება მოუწევთ. ყველაზე დიდი და გავლენიანი თანამედროვე ქართველი ხელოვანი არის დემნა გვასალია და თუ დააკვირდებით, მთელი მისი შემოქმედება დრეგ კულტურით არის ნასაზრდოები. თავიდან ბოლომდე დრეგია. აღარ უნდათ ადამიანებს "აბა, დელი, დელი, დელა".

დრეგი არის ძალიან ძვირი. იმის მიუხედავადაც, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ქვინია, რომელიც მზად არის ამ ყველაფერში მთელი თავისი ენერგიის ჩასადებად და ლარადაც შეუძლიათ უკარგესი ლუქის აწყობა, უნდა ვისწავლოთ თიფინგი. სხვადასხვა ვენიუემაც უნდა გაიაზროს, რომ მეტი გადაიხადოს ქვინების შოუებში, რადგან ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე წუთიანი შოუ, ამ 5 წუთიანი პერფორმანსის უკან მრავალი კვირის შრომა დევს. თუ გვინდა ხარისხიანი დრეგის გაკეთება, მაყურებელმა თიფინგი უნდა ისწავლოს და ვენიუებმა შრომის შესაბამისად დაფასება.