ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში, ქართული ენის პედაგოგმა, რაჰმან მუსაევმა მეოთხე კლასელი ბავშვები მუხლებზე იმ მიზეზით დააყენა, რომ კარგად არ სწავლობდნენ.

  • როგორც ცნობილია, მან ბავშვებს ფოტო გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა.
  • მუსაევი ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრია, ხოლო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ დაწერა, რომ ის, ასევე, სკოლის დირექტორის ძმის შვილია.

დეტალები: ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაქტი მარნეულის რესურსცენტრმაც დაადასტურა. სკოლის დირექტორმა კი მთავარ არხს უთხრა, რომ მასწავლებელმა განცხადება დაწერა და უკვე გაათავისუფლეს.

  • ბაირამოვამ აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და ბევრ სკოლაშია ასეთი სიტუაცია.

  • დაწერა ისიც, რომ ამის მთავარი მიზეზი სკოლის პოლიტიზებაა — "სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკურ როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანათლებლოს".