საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. სექტემბრის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით არის გაზრდილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის, ტრანსპორტის, საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ფასების ცვლილებამ იქონია.

  • იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხარჯების ძირითადი ნაწილი სურსათზე მოდის, ინფლაცია მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შემქმნელია.

დეტალები: საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,74 პროცენტული პუნქტით აისახა.

  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,1-ით;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების — 12,2-იანი მატება.

ვრცლად: სურსათის ჯგუფში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:

  • პური და პურპროდუქტები — 32,8%;
  • რძე, ყველი და კვერცხი 23,3%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები — 22,5%;
  • ზეთი და ცხიმი — 21,2%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო — 18,9%.

სტრიქონებს შორის: მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს, რაც რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე, 11%-ზე შენარჩუნებით გამოიხატება.

  • რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

  • როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ.

  • გაძვირებული სესხების პირობებში ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.

  • ეროვნული ბანკის მიზანია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუახლოოს.