ოქტომბრის დასაწყისი ნობელის პრემიის სეზონია. 6 დღე, 6 პრიზი და ახალი სახეები, რომლებიც დაემატებიან მეცნიერთა, მწერალთა, ეკონომისტთა და ადამიანის უფლებათა დაცვის ლიდერთა მსოფლიოს ყველაზე ელიტარულ სიას.

წლევანდელი ნობელის სეზონი ორშაბათს, 3 ოქტომბერს დაიწყება ეკონომიკისა და მედიცინის ჯილდოთი, რასაც ყოველდღიურად ახალი ლაურეატების გამოცხადება მოჰყვება — ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგში.

ქვემოთ ჩამოთვლილია 5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ნობელის პრემიის შესახებ:

ვინ შექმნა ნობელის პრემია?

მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და მშვიდობის პრიზები დაარსდა ალფრედ ნობელის, მდიდარი შვედი მეწარმისა და დინამიტის გამომგონებლის ნებით. პირველი ჯილდოები გაიცა 1901 წელს, ნობელის სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ.

თითოეული პრიზი 10 მილიონი კრონაა (დაახლოებით 900 000 აშშ დოლარი) და გადაეცემა დიპლომითა და ოქროს მედლით 10 დეკემბერს — ნობელის სიკვდილის დღეს.

ეკონომიკის ჯილდო — ოფიციალურად ცნობილი როგორც შვედეთის ბანკის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში ალფრედ ნობელის ხსოვნის საპატივსაცემოდ — არ შექმნილა ნობელის მიერ, არამედ შეიქმნა შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ 1968 წელს.

1901-დან 2021 წლამდე ნობელის პრემიები და პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში 609-ჯერ გაიცა.

ვინ იმარჯვებს და რატომ?

ნობელის წესდება უკრძალავს მოსამართლეებს, განიხილონ თავიანთი გადაწყვეტილება 50 წლის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი დრო გავა, სანამ გავიგებთ, როგორ გააკეთეს მოსამართლეებმა არჩევანი 2022 წლისთვის და ვინ იყო მათ მოკლე სიებში.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები თავს იკავებენ გამარჯვებულების შესახებ მინიშნებების გაცემაზე, ზოგჯერ ევროპელი ბუკმეკერები ასახელებენ ლიტერატურისა და მშვიდობის პრემიების შესაძლო ლაურეატებს.

ვის შეუძლია კანდიდატის ნომინირება?

ათასობით ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს უფლება, წარადგინოს ნომინაციები ნობელის პრემიაზე. მათ შორის არიან უნივერსიტეტის პროფესორები, კანონმდებლები, წინა ნობელის პრემიის ლაურეატები და თავად კომიტეტის წევრები.

ფოტო: AP Photo/Alexander Zemlianichenko, File

მიუხედავად იმისა, რომ ნომინაციები საიდუმლოდ ინახება 50 წლის განმავლობაში, ისინი, ვინც მათ წარადგენენ, ზოგჯერ საჯაროდ აცხადებენ თავიანთ წინადადებებს, განსაკუთრებით, ნობელის მშვიდობის პრემიაზე.

სად გაიცემა ჯილდოები?

ალფრედ ნობელის სურვილის გათვალისწინებით, ნობელის მშვიდობის პრემია ნორვეგიაში გადაეცემა, დანარჩენი ჯილდოები კი — შვედეთში.

ზუსტი მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ მისი სიცოცხლის განმავლობაში შვედეთი და ნორვეგია შეუერთდნენ კავშირს, რომელიც 1905 წელს დაიშალა. ხანდახან ურთიერთობა იძაბება სტოკჰოლმში მდებარე ნობელის ფონდსა (რომელიც მართავს პრიზის ფულს) და ოსლოში მშვიდობის ჯილდოების დამოუკიდებელ კომიტეტს შორის.

რა არის საჭირო პრემიის მოსაგებად?

პირველ რიგში, მოთმინება.

მეცნიერებს ხშირად უწევთ ათწლეულების განმავლობაში ლოდინი, რომ მათი ნამუშევარი აღიარონ ნობელის მოსამართლეებმა, რომლებსაც სურთ, დარწმუნდნენ, რომ მათი მიღწევა გაუძლებს დროის გამოცდას.

ეს არის გადახვევა ნობელის ანდერძიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯილდოები უნდა გაიცეს "მათზე, ვინც წინა წლის განმავლობაში უდიდესი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას." მშვიდობის პრიზის კომიტეტი ერთადერთია, რომელიც რეგულარულად აჯილდოებს წინა წელს მიღწეული შედეგებისთვის.

ნობელის სურვილის მიხედვით, ეს პრემია უნდა მიენიჭოს "ადამიანს, ვინც ყველაზე მეტ ან საუკეთესო სამუშაოს შეასრულებს ერებს შორის ძმობისთვის, მუდმივი ჯარების გაუქმების ან შემცირებისთვის და სამშვიდობო კონგრესების გამართვისა და ხელშეწყობისთვის."

თუკი ყველაფერი კარგად დაიმახსოვრეთ, შეგიძლიათ, თქვენი ცოდნა ტესტით შეამოწმოთ.

ასევე, გაეცანით გასული რამდენიმე წლის ნობელის პრემიის ლაურეატებს: