ფედერაცია შაბათის ფორმულას მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოველგვარ ძალადობას გმობენ და ემიჯნებიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი — მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა იქ ისმის მუქარა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ.

  • ფორმულას წყაროს ინფორმაციით, მუქარის ავტორი წითელი ცირკულარით ძებნილი, ნოდარ ნიშნიანიძეა — ის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა;
  • ჩანაწერებში ნიშნიანიძე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, ძირითად შემადგენლობაში ყაზაიშვილი ვერ მოხვდა და ამას მასთან ნათესაურ კავშირს მიაწერს — წყაროს ცნობით, მას ქართულ ოცნებასთან წლებია დაპირისპირება აქვს.

დეტალები: მათი თქმით, მსგავს სიტუაციაში, თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

  • "ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან";
  • "ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას";
  • "ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე".

შსს-მ შაბათის ფორმულას გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

  • უწყების ცნობით, გამოძიება წარსულში ნასამართლევი პირის ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებებზე მიმდინარეობს;

  • საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.