უწყება განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი — მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა იქ ისმის მუქარა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ.

  • ფორმულას წყაროს ინფორმაციით, მუქარის ავტორი წითელი ცირკულარით ძებნილი, ნოდარ ნიშნიანიძეა — ის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა;
  • ჩანაწერებში ნიშნიანიძე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, ძირითად შემადგენლობაში ყაზაიშვილი ვერ მოხვდა და ამას მასთან ნათესაურ კავშირს მიაწერს — წყაროს ცნობით, მას ქართულ ოცნებასთან წლებია დაპირისპირება აქვს.

დეტალები: უწყების ცნობით, გამოძიება წარსულში ნასამართლევი პირის ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებებზე მიმდინარეობს.

  • საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

ჩანაწერებს გამოეხმაურა ყაზაიშვილი და ბოდიში მოიხადა "ფაქტისთვის, რომელიც მისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია".

  • "ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა";
  • "ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის";
  • "ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება".

რას ამბობს კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ეს შეტყობინება უშუალოს მას არ მიუღია, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია უკვე აქვთ.

  • "შესაბამისად ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება მთავარი, თითოეული ჩვენი წევრის, თითოეული მოთამაშის უსაფრთხოება დაცული იყოს";
  • "რა თქმა უნდა, ეს არის უკვე შესაბამისი სამსახურების საქმიანობა და ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავის არ ჰქონდეს საშუალება, დაძაბულობა, გაუგებრობა შემოიტანოს გუნდში".